ანრი ოხანაშვილი: „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას გამოხატვის თავისუფლებასთან არანაირი პირდაპირი კავშირი და ბმა არ აქვს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებს განმარტავს.

მისივე თქმით, ადმინისტრაციული წესით დაკავებისთვის 48 – საათიანი ვადა არის მაქსიმალური და არ ნიშნავს, რომ „აპრიორი 48 საათი უნდა ამყოფოს სამართალდამცავმა ორგანომ პირი ადმინისტრაციული დაკავების წესით“.

ამასთან, ოხანაშვილის თქმით, ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადები არ იცვლება და კვლავ 15 დღემდე რჩება. ოხანაშვილის განმარტებით, აწეულია და გამკაცრებულია მხოლოდ ქვედა ზღვარი.

ვადგენთ, რომ მაქსიმალური ვადა, რაც ადმინისტრაციული წესით დაკავებისთვის შეიძლება იყოს, არის 48-საათიანი ვადა. ის, რაც საქართველოს კონსტიტუციაში წერია. ვიცავთ კონსტიტუციურ მიდგომას.

მეორე ცვლილება უკავშირდება წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციისა ან/და სხვა სახელმწიფო წარმომადგენლისადმი დაუმორჩილებლობას, წინააღმდეგობის გაწევას. აქ ყველა შემთხვევა, ერთხელ ჩაიდენდა, სამჯერ, ათჯერ თუ ათასჯერ ერთი რეგულაციის ქვეშ ექცეოდა, რაც არ არის პროპორციული და თანაზომიერი მიდგომა. ამიტომ, ჩვენ ეს შემადგენლობა ორ ნაწილად გავყავით. იმისთვის, რომ პროპორციული, უფრო ადეკვატურად რეაგირება მოხდეს, ერთზე მეტჯერ ჩადენილი სამართალდარღვევის შემთხვევაში შემოდის უფრო სხვა მექანიზმი“, – აღნიშნავს ოხანაშვილი.

რაც შეეხება ცვლილებების მიმართ გამოთქმულ სკეპტიკურ და უარყოფით დამოკიდებულებებს, რომელიც საზოგადოების ნაწილში გაჩნდა,რომ ცვლილება გამოხატვის თავისუფლების კუთხით რისკებს შეიცავს.

„ცვლილებას გამოხატვის თავისუფლებასთან არანაირი პირდაპირი კავშირი და ბმა არ აქვს. ეს დარღვევა შესაძლებელია მოხდეს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, იქნება ეს შეკრების, თუ ნებისმიერ სხვა დროს. გამოხატვის თავისუფლება არის შეზღუდვადი უფლება. თუკი გამოხატვა მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს და წვრილმან ხულიგნობაში ან წინააღმდეგობის გაწევაში გადაიზრდება, საქართველოს კონსტიტუცია იძლევა იმის მექანიზმს, რომ პირს აქვს უფლება დააკავოს პირი, აღკვეთოს სამართალდარღვევა, საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვას. კონსტიტუციის მიღმა ვერავინ გავა. ეს არის დაცული უფლება“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები