ბადრი ჯაფარიძე ლანდსბერგისთან​ შეხვედრაზე: აღვუთქვით, რომ ყველა ძალ-ღონეს გამოვიყენებთ, რათა სრულად განხორციელდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება

პარტიებმა, რომლებმაც დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ, მათ აღვუთქვით, რომ ყველა ძალ-ღონეს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სრულად განხორციელდეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან​ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ლიეტუვის მხრიდან იქნება პროცესის სრული მონიტორინგი, რომ მხარეების მიერ ყველა ვალდებულება შესრულდეს.

„ისინი მიესალმებიან პარტიებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას იმიტომ, რომ ეს იყო საუკეთესო შესაძლებლობა, საუკეთესო ვარიანტი ევროკავშირის თვალსაზრისით. მათი მხრიდან იქნება პროცესის სრული მონიტორინგი, რომ მხარეების მიერ ყველა ვალდებულება შესრულდეს. რა თქმა უნდა, მათ სურთ, რომ სხვა პარტიები, რომლებიც შესაძლოა, გახდნენ ამ შეთანხმების ნაწილი, შეთანხმებას შეუერთდნენ, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ შეთანხმება შედგა. ჩვენ, პარტიებმა, რომლებმაც დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ, მათ აღვუთქვით, რომ ყველა ძალ-ღონეს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სრულად განხორციელდეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, რასაც ევროკავშირის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი შემდგომი დახმარება მოჰყვება. რაც მთავარია, შეთანხმების ხელმოწერის ყველა ეტაპსა და შემდგომ მის იმპლემენტაციაში, ყველა ეტაპზე იქნება ჩვენი მეგობრების მძაფრი ყურადღება, რომ რამე პუნქტი არ დარჩეს შეუსრულებელი.

ისინი ხელშეკრულებასთან მიმართებით ცვლილების შეტანის შესაძლებლობას გამორიცხავენ. შეთანხმების უკან დგას პრეზიდენტ მიშელის ავტორიტეტი. შესაბამისად, შეთანხმებაში ცვლილებები ვერ შევა. არსებობს მექანიზმი ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გათავისუფლების და ეს არსებობს იმ ხელშეკრულებაში, რომელიც გაჟღერებულია პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის მიერ და ის ძალაშია. მიმაჩნია, რომ ახლა არის შანსი, მექანიზმის გამოყენების, რომ მელიას პატიმრობა დასრულდეს. ამავდროულად, ჩვენ მივმართავთ ძალისხმევას იმაზე, რომ ყველა პუნქტი, რომელიც შეთანხმებაშია, ჩვენი მეგობრების მონიტორინგის ქვეშ სრულად განვახორციელოთ. ლიეტუვა არის საქართველოს უერთგულესი მეგობარი“,-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები