გივი მიქანაძე: ნიკა მელია არ არის ის პიროვნება, რომელიც დღის წესრიგს უნდა უქმნიდეს საზოგადოებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია არ არის ის პიროვნება, რომელიც დღის წესრიგს უნდა უქმნიდეს საზოგადოებას.

მისივე თქმით, მელია უნდა მოუწოდებდეს თავის პარტიას, რომ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერონ.

“ნიკა მელია არ არის ის პიროვნება, რომელიც დღის წესრიგს უნდა უქმნიდეს ქართულ საზოგადოებას. მას აქვს კონკრეტული ვალდებულება სასამართლოს მიერ დაკისრებული და იმიტომაც არის იქ განთავსებული. არის შეთავაზებული კონკრეტული გზები, რომ დღესვე დატოვოს საპატიმრო, მიუხედავად ამისა, ის ურჩობს და დამატებითი სპეკულაციების საგანს იყენებს, რომ მიიღებს ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდას. უნდა მიიღოს იმიტომ, რომ ეს მოლაპარაკებების ნაწილი იყო და მოსწონს თუ არა, უნდა მიიღოს გირაო, რომელსაც ევროკავშირი მის სასარგებლოდ გადაიხდის და ის გარეთ გამოვა. თუმცა, გირაოს გადახდა მას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, ისევე როგორც იმ ადამიანებს, რომელთა მიმართაც 20 ივნისის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. ის სუბიექტურად მხოლოდ საკუთარ თავზე არ უნდა ფიქრობდეს, უნდა მოუწოდებდეს თავის პარტიას, რომ ხელი მოაწერონ დოკუმენტს, მიიღონ მიშელის შეთავაზება, შემოვიდნენ პარლამენტში”, – განაცხადა “დღის კურიერის” ეთერში გივი მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები