იმერეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს.
ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტშია გამოვლენილი. თითო-თითო ფაქტი კი – ვანის, ტყიბულისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოქალაქეები, წაბლის, რცხილის, წიფლისა და მუხის სახეობების, ჯამურად, დაახლოებით, 8 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტისა (ფიცარი) და საშეშე მერქნის, ასევე, 20 ერთეული აკაციისგან დამზადებული ბოძების ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ.
“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტრანსპორტირების საშუალებები და მათზე განთავსებული ხე-ტყე დალუქეს და შესაბამისი აქტები შეადგინეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 293 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები