ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციისა და სკანდალის მიუხედავად, ყირგიზეთში შხამიანი მცენარით – აკონიტით კორონავირუსისგან განკურნების მცდელობები გრძელდება.
ღია იისფერი აკონიტი ხშირად გვხვდება ბაღების შემოგარენში. ის შეიცავს ტოქსიკურ ალკალიდს – აკონიტს, რომელსაც შეუძლია, გამოიწვიოს ასფიქსია. თუმცა, ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, რეკომენდაციების მიუხედავად, აკონიტის ნახარშს ამჟამად 400 კოვიდპაციენტი იღებს.
თავდაპირველად, კოვიდ19-თან ბრძოლაში აკონიტის გამოყენების სარგებლობაზე ქვეყნის პრეზიდენტმა, სადირ ჟაპაროვმა თქვა, რომელმაც სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეორგოლი, სადაც საწარმოში, სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე, “სამკურნალო საშუალებებს” ამზადებენ. ბოთლებს, რომლებშიც ასხამენ რაღაც ნახარშს, აწერენ, რომ ის კურნავს კორონავირუსსა და კუჭის კიბოს.
ჟაპაროვმა კი რგოლს წარწერაც დაურთო: “ჩვენმა ექიმებმა დაავადების განკურნების საშუალებას მიაგნეს – მის დაწყებით სტადიაზე, ორ-სამ დღეში”.
უკვე 20 აპრილს მცენარეს ანალოგიური რეკომენდაცია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ალიმქადირ ბეიშენალიევმაც გაუწია, რომელმაც პრესკონფერენციაზე აკონიტის ნახარში დალია და თქვა, რომ მას კორონავირუსის განკურნება სამ დღეში შეუძლია.
მოგვიანებით, Facebook-მა ჟაპაროვის აკონიტით მკურნალობის სარგებლობაზე პოსტები წაშალა, ყირგიზეთში ჯანმო-ს წარმომადგენლებმა კი მოსახლეობას დაჟინებით მოუწოდეს, არ სცადონ თვითმკურნალობა, ასევე, თქვეს, რომ აკონიტის წვეთები სერთიფიცირებული მედიკამენტი არ არის და მისი ფარმაკოლოგიური თვისებების შესახებ კვლევა არ ჩატარებულა.
მომხდარს ქვეყნის პარლამენტის დეპუტატებიც გამოეხმაურნენ, რომლებმაც მინისტრს უნდობლობა გამოუცხადეს, ხოლო აქტივისტებმა მას უჩივლეს.
ყირგიზეთის გენპროკურატურაში ადასტურებენ, რომ მიიღეს საჩივარი, თუმცა, საქმე ჯერ არ აღძრულა.
უწყებაში განმარტეს, რომ საჭიროა “შემოწმება”, რადგან მინისტრის განცხადება “ღია დანაშაულს” არ წარმოადგენს.
ბიშკეკში პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ნახარში მამაკაცმა დალია, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში, მოწამვლით, მძიმე მდგომარეობაში მოათავსეს. ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში ანალოგიური დიაგნოზით კიდევ ორი პაციენტი მკურნალობს.