დედამიწის დღე მოსწავლეებთან ერთად აღნიშნეს
22 აპრილს მსოფლიო „დედამიწის დღეს” აღნიშნავს. 1990 წლიდან „დედამიწის დღე” საქართველოშიც აღინიშნება, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მწვანე ეკონომიკა, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, პლასტიკის მოხმარების მინიმუმადე შემცირება, ხარისხიანი საწვავი და კიდევ არაერთი მიმართულება ის სახელმწიფო პრიორიტეტებია, რომელმაც გარემო დაბინძურებისგან უნდა დაიცვას. გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობაზე სასაუბროდ, „დედამიწის დღეს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი ქ. თბილისის 186-ე საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ.
“ძალიან მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების გაზრდა. სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი იმ ცოდნით, მომზადებით და ინტერესით, რომელსაც მოსწავლეები იჩენენ გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებაში და ვფიქრობ, რომ სკოლებში ამ მიმართულებით ცნობიერების გაზრდა, ახალი თანამედროვე მიდგომების დანერგვა არის ის გზა, რომელიც მიგვიყვანს საქართველოს უკეთესი მომავლისკენ გარემოსდაცვითი კუთხით. დღე, რომელიც ეძღვნება დედამიწის დაცვას მავნე ზემოქმედებებისგან პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ჩვენ ყველა ერთად ვქმნით გარემოს და ამ გარემოზე პასუხისმგებლობა გვეკისრება ყველას თანაბრად,” – განაცხადა ხატია წილოსანმა. “დედამიწის დღის მთავარი მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, რომელიც ადრეული ასაკიდან ყალიბდება და მოსწავლეებთან ერთად ამ დღის აღნიშვნა და მათი გარემოსდაცვით აქციებში ჩართულობა მნიშვნელოვანია. Წელს მთავარი გზავნილია – ”ერთად, ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ დედამიწა”, მოსწავლეებთან ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს დედამიწაზე,” – აღნიშნა თამარ ალადაშვილმა. დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა შეხვედრის შემდეგ სკოლის ეზოში ხეები დარგეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა შეიმუშავა პროგრამა – “გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში”, რომელიც დამხმარე სახელმძღვანელოა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის და მოიცავს ორივე სფეროს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებით კლასების (I-IV) მოსწავლეებისთვის. დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა, როდესაც აშშ-ში საზოგადოებამ არაეფექტიანი სატრანსპორტო საშუალებებითა და უპასუხისმგებლო მრეწველობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების გაპროტესტება დაიწყო, – აღნიშნულია ინფორმაციაში.