22-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა დაასრულა(ფოტო)

ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მე-8 როტაციის დახურვის ცერემონია გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ქვეითი ბატალიონის პირად შემადგენლობას პროგრამის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მიულოცეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და საბრძოლო მომზადების განვითარების პროცესში GDRP-ის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მინისტრმა ამერიკელ პარტნიორებს მხარდაჭერისა და პროგრამის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. „მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი მე-8 ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტის – GDRP-ის ფარგლებში მომზადდა. ქვედანაყოფმა ასეულისა და ბატალიონის დონეზე რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში სხვადასხვა მნიშვნელოვანი სწავლება გაიარა. წვრთნები ქვედანაყოფების მიერ ამოცანით მართვის პირობებში ბრძოლის შესაძლებლობაზე იყო ორიენტირებული. მე-8 როტაციის მომზადების პროცესში საბრძოლო მომზადების ცენტრს მენტორობას აშშ-ის 2-5 კავალერიის, პირველი დივიზიის, პირველი ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფი „ასკალონ“ უწევდა. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) 2018 წელს დაიწყო. GDRP-ის მიზანს საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაზრდა წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში თავდაცვის ძალების 9 სამანევრო ბატალიონის დაკომპლექტება, აღჭურვა და გაწვრთნაა გათვალისწინებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები