საქართველოს თავდაცვის ძალებს 149 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საწვრთნელი II ასეულის ფიცის მიღების ცერემონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჯარისკაცებს ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცა, წარმატებები და ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა. ფიცის დადების შემდეგ, რეკრუტებს სერთიფიკატები გადაეცათ. რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადება უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ცენტრში გაიარეს. მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო წესდება შეისწავლეს.