“მზად ვარ, მივიღო ჩემთვის სკანდალური გადაწყვეტილება” – სალომე ზურაბიშვილმა მზაობა გამოთქვა, ხელი მოაწეროს გიორგი რურუას შეწყალებას

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მზაობა გამოთქვა,„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას შეწყალებას ხელი მოაწეროს.

„მზად ვარ, მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მხოლოდ შემდეგი პირობით: ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმსა და გამოწვევებთან გამკლავებას. ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და, მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდანვე 1 კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მანამდე, “ქართულმა ოცნებამ” განცხადება გაავრცელა, სადაც რურუასთან დაკავშირებით პარტიის პოზიციაა დაფიქსირებული.

“გვსურს, ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ გ. რურუასთან დაკავშირებით – ის არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი. მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი. ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობასა და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ, არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები