თენგიზ ფხალაძე: ჩვენი მეგობრები კიდევ ერთხელ შეეცდებიან, გაგვაგებინონ, რომ ამ კრიზისის დასრულება არის საქართველოს ინტერესებში

საერთაშორისო ურთიერთობებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველოში არსებული პოლიტვითარებით გავაოცეთ და დავღალეთ როგორც ევროპა, ისე – ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყანა.

შესაბამისი განცხადება ფხალაძემ 19 აპრილს დაგეგმილ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტების კონფერენციაზე საქართველოს საკითხის განხილვის კომენტირებისას გააკეთა.

მისი შეფასებით, სამწუხარო ფაქტია, რომ იმავე საკითხების განხილვა ხდება ამ კონფერენციაზეც და ევროპელი მეგობრები კიდევ ერთხელ შეეცდებიან, გაგვაგებინონ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასრულება საქართველოს ინტერესებშია.

“ჩვენი მეგობრები ჩვენზე მეტად ზრუნავენ და ფიქრობენ, როგორ უნდა გამოიყვანონ საქართველო ამ კრიზისიდან. კრიზისიდან გამოსავალი არის იმ შემთხვევაში, თუ ამის სურვილი არის. მეგობრები შეიძლება, დაგვეხმარონ, მაგრამ ჩვენ ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ და, ალბათ, კიდევ ერთხელ შეეცდებიან, რომ გაგვაგებინონ, რომ ამ კრიზისის დასრულება არის საქართველოს ინტერესებში და ამას თუ გავიგებთ კარგი იქნება. მკაფიო მესიჯები აქამდეც იყო და 19 აპრილსაც იქნება, მაგრამ ნებისმიერ გზავნილს სწორი წაკითხვა და სწორი გააზრება სჭირდება და იმედი მაქვს ჩვენს პოლიტიკურ კლასს ამის უნარი კიდევ შერჩენილი აქვს”, – განაცხადა ფხალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური კონფერენცია გაიმართება, სადაც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას განიხილავენ. ასევე, განსახილველი საკითხები იქნება ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ინდოეთში, მიანმარში, მოზამბიკში,  ერთობლივი და მრავლისმომცველი სამოქმედო გეგმა (JCPOA), იგივე ირანის ბირთვული შეთანხმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები