ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი დღიური ანტირეკორდია – 217 ათასზე მეტი ინფიცირებული

ინდოეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 217 353 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს კიდევ 1,1 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან ინდოეთში ინფიცირების 14,29 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსს 174 ათასი ადამიანი შეეწირა, 12,54 მილიონზე მეტი განიკურნა.

ყველაზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა მახარაშტრას შტატში – 61,6 ათასი. მანამდე გახდა ცნობილი, რომ შტატში ორმაგი მუტაციის კორონავირუსის ახალი ვერსიაა გამოვლენილი, რომლითაც მოსახლეობის 20%-ია ინფიცირებული.

ასევე, კოვიდ სტატისტიკა მზარდია უტარ პრადეშის შტატში, სადაც ბოლო ერთ დღეში 22 339 შემთხვევა გამოვლინდა; დელი – 16 699; ჩხატისგარხი – 15 256 და კარნატაკში 14 738.

ამასთანავე, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციის მაღალ ტემპებზეც საუბრობს. უწყების მონაცემით, ვაქცინა 117 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე მიიღო, მხოლოდ ერთ დღეში პრეპარატი 2,7 მილიონ პირს შეუყვანეს. ამ დროისთვის, ქვეყანაში სამი ვაქცინის გამოყენებაა რეკომენდებული AstraZeneca-ს ინდური ვარიანტი, სახელწოდებით – Covieshield, ადგილობრივი Covaxin და რუსული “Спутник V”, რომლის მიწოდება ქვეყანაში დაიწყება აპრილის ბოლოსთვის, წარმოება კი მაისში დაიწყება.

ინდოეთში შექმნილი მძიმე ეპივითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ინდოეთიდან მომავალმა ნებისმიერმა პირმა, მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად, საზღვარზე უნდა წარადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის ცნობა და შემდგომ უნდა გაიაროს სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი – საკუთარი ხარჯებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები