მიხეილ დაუშვილი: იმას, რომ ქართული პოლიცია 20 ივნისს იცავდა საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოს, ჩვენ შეცდომას არასოდეს არ დავარქმევთ

“იმას, რომ ქართული პოლიცია 20 ივნისს იცავდა საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოს, ჩვენ შეცდომას არასოდეს არ დავარქმევთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატები იღებენ პასუხისმგებლობას ყველა წარმატებასა და არასწორ გადაწყვეტილებაზე.

„ჩვენ პასუხისმგებლიანი მოხელეები ვართ და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, დაგვეტოვებინა „ქართული ოცნება“ და შეგვექმნა ახალი პარტია. როდესაც 20 ივნისზე ვსაუბრობთ, ამაზე გიორგი გახარიამ და  პოლიტიკური თანამდებობის სხვა პირებმა არაერთხელ გასცეს პასუხები კითხვებს. ამ თემას აქვს რამდენიმე ასპექტი. ჩვენ თუ ვისაუბრებთ კონკრეტული ადამიანის, გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომის საკითხსა და იმ ფაქტზე, რაც მოხდა, რა თქმა უნდა, ეს იყო უდიდესი შეცდომა, რომელსაც ვაცნობიერებთ, ვაღიარებთ და ამაზე ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი. მაგრამ როდესაც 20 ივნისზე ვსაუბრობთ, აქვე უნდა გავითვალისწინოთ და ვახსენოთ ის, რომ 20 ივნისს მოხდა შტურმი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოზე, კონსტიტუციურ ორგანოზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია. იმას, რომ ქართული პოლიცია 20 ივნისის განმავლობაში იცავდა საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოს, ჩვენ შეცდომას არასოდეს არ დავარქმევთ, პირიქით, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ასეთი ტიპის აქტივობები, რომ ვინმე რაიმე მიზეზით თავს ესხმოდეს კონსტიტუციურ ორგანოს და ამით ცდილობდეს ძალაუფლების მოპოვებას თუ რამე სხვა პოლიტიკური მიზნის მიღწევას.

ბოლო წლების განმავლობაში, რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, უამრავი სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, უამრავი წარმატება მოუტანა ქვეყანას, მაგრამ როდესაც მისვამთ შეკითხვას, რა გიშლიდათ ხელს – ამ შეცდომების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ წიაღშივე გებრძოლათო, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ დღეს უკვე შეუძლებელი გახდა რაიმე კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევა შიდა ოპონირების ფარგლებში“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ექვსმა წევრმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა. გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები