ინგა გრიგოლია ხაზარაძეს, პარლამენტში შესვლის შესახებ: მე თქვენ მოგეცით ხმა, – სად გეძებოთ ქუჩა- ქუჩა?
ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ “ლელოს” ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, საკუთარ გადაცემაში გაუმხილა, რომ მისი პარტიის მხარდამჭერი იყო.
გრიგოლიამ აღნიშნა, რომ როგორც “ლელოს” მხარდამჭერს არ მოეწონა, როცა პარტიამ ბოიკოტი გამოაცხადა.
“ამ არჩევნებში მე თქვენ მოგეცით ხმა და როგორც თქვენს ამომრჩეველს არ მომეწონა, როცა თქვენ ბოიკოტი გამოაცხადეთ. მე, როგორც თქვენი ამომრჩეველი გეუბნებით, რომ ვერ ვხედავ ამ კრიზისიდან გამოსვლის გზას. დამანახეთ მაშინ რაში არის ეგ გზა, იმიტომ რომ ოპოზიციას ნელ-ნელა რესურსი ეწურება. ხართ დღეს თქვენ მოგების უნარიანი ოპოზიცია, რომელიც თუნდაც ნიკა მელიას გამოიყვანს გარეთ? ეგება ჯობდა პარლამენტში ყოფნა. მე მინდოდა, რომ ვისაც ხმა მივეცი ის ხალხი პარლამენტში მებრძოლი მენახა, თუ გამარჯვებას ვერ მოიპოვებდნენ. სად გეძებოთ ქუჩა- ქუჩა?”, – ჰკითხა გრიგოლიამ ხაზარაძეს, რომლის პასუხადაც მან განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში რეფორმები არ განხორციელდებოდა.
“ჩათვალეთ, რომ ნოემბერია და შევედით პარლამენტში. არ განხორციელდებოდა სასამართლო რეფორმა, რომლის შანსი გვაქვს ახლა, ან განხორციელდებოდა ისე, როგორც ახორციელებდა “ოცნება” მთელი ამ ხნის განმავლობაში, ანუ არაფერი არ მოხდებოდა”, – უპასუხა ხაზარაძემ.
გრიგოლიამ აღნიშნულის პასუხად მიუგო, რომ “არც ახლა არაფერი არ ხდება”, რაზეც ხაზარაძეს განსხვავებული აზრი აქვს.
“როგორ არ ხდება. ჩვენ პარტიას, რომ ხმა მიეცი ეს ხმა მინდა გავამართლო და რომ გავამართლო მე მინდა, რომ როცა შევალ გარანტირებულად მე, რომ მოგიტრიალდები პარლამენტიდან, როგორც ამომრჩეველს გითხრა, რომ ინგა აი ეს 6 თვე ბოიკოტი ჩვენ გადავთარგმნეთ და დავაკომპენსირეთ იმაში, რომ სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, ოპოზიციის ჩართვა ყველა მნიშვნელოვან საკითხებში, პოლიტიზირებული საკითხების ერთხელ და სამუდამოდ დამთავრება, რაც ავტომატურად მოჰყვება სასამართლო რეფორმას. ჩვენ ამას მივაღწიეთ და მივაღწიეთ მარტო კი არა ევროკავშირის მანდატით და მეთვალყურეობის ქვეშ”, – აღნიშნა ხაზარაძე.
გრიგოლიას აზრით, ისტორია აჩვენებს, რომ მართალი იყო.
“ისტორია აჩვენებს, რომ მე ვიყავი მართალი, რომ ოპოზიციას ბოიკოტისათვის არ უნდა მიემართა”, – განაცხადა გრიგოლიამ.