გიგი უგულავა: ნიკა მელია მიზანმიმართულად დააპატიმრეს
“ნიკა მელია მიზანმიმართულად დააპატიმრეს, მოსამართლე ამაზრზენი არარაობაა”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, გიგი უგულავამ ნიკა მელიას პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ეს პროცესი იყო სრული ფარსი.
„ნიკა მელია მიზანმიმართულად დააპატიმრეს. ორი თვის მანძილზე ვაჭრობდნენ და მერეც გააგრძელეს პარლამენტში შესვლა-არშევლის საკითხზე. რომ ნახეს, არავინ შედის პარლამენტში, დააპატიმრეს ნიკა მელია. ეს არის სიმართლე, დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და აფერისტობა. ეს მოსამართლე ამაზრზენი არარაობაა“, – განაცხადა უგულავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.