“ნამახვანჰესის” აქციაზე, აჭარიდან “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში მყოფი ძმები წულუკიძეები ჩავიდნენ – რა მოხდა გუშინ

ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები სამართალდამცველების კითხვებს გვიანობამდე პასუხობდნენ.
მათი ინფორმაციით, დაპირისპირება ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე ძმები წულუკიძეების გამოჩენას მოჰყვა, რომლებიც, ადგილობრივთა ინფორმაციით, ,,ნაცმოძრაობისა” და მათი ლიდერების დავალებით, ადგილზე, პროვოკაციის მიზნით, ბათუმიდან ჩავიდნენ.

როგორც ისინი იხსენებენ, აქციაზე შენიშნეს ”ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებული პირები, რომლებიც პატრიარქსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შეურაცხყოფდნენ.

,,სადღაც 30 ადამიანი იყო და ჩვენ – სულ 3. ვუთხარით,  ნუ გვაღიზიანებთ, ნუ ხართ აქ-თქო. აქ არ არის არც პარტიული პროტესტი და არ არის საჭირო, აქ იყოთ-მეთქი. წამოვიდნენ აგრესიით, გინებით… 3 ადამიანს 30 კაცი “შემოგვესია”, ,,კასტეტები” ჰქონდათ, უზარმაზარ ქვებს გვესროდნენ. შემდეგ აქციის მონაწილეები ჩადგნენ შუაში, რომ სიტუაცია განემუხტათ”, – განაცხადა გამოკითხვაზე მყოფმა ერთ-ერთმა სპორტსმენმა, ავთანდილ ახვლედიანმა.

,,პირადად არ ვიცნობ, ტელევიზიაში მყავს ნანახი, ბუკნარის მოვლენების დროს, მახსოვს, ითხოვდნენ მეჩეთების აშენებას, პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებდნენ და მათი აქ გამოჩენა არ გვესიამოვნა. ვუთხარით, მშვიდობიანი ფორმით მივმართეთ, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია და აგრესიით წამოვიდა 3 ადამიანზე ეს 25-30 კაცი”, – განაცხადა გამოკითხვაზე მყოფმა კიდევ ერთმა სპორტსმენმა.
როგორც რეზო წულუკიძე თავად აცხადებს, ქუთაისში მხოლოდ მშვიდობიანი მიზნით ჩავიდა და თუ საჭირო გახდება, აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად კვლავ ჩავა.
,,დავინახე, აქ ხალხი წვიმაში როგორ იდგა და რასაც აპროტესტებდა და გამიჩნდა ეს პროტესტის გრძნობა მეც და ჩემს სამეგობროს – ყველას. ავდექით, გადავწყვიტეთ და ჩამოვედით. ვუცხადებთ სოლიდარობას და ვუჭერთ მხარს. როცა კიდევ იქნება საჭირო, ხვალაც, ზეგაც, ყოველთვის ჩამოვალთ,” – განაცხადა რეზო წულუკიძემ.

ვინ არიან ძმები წულუკიძეები და რა კავშირი აქვთ „ნაცმოძრაობასა“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“
მაინც, ვინ არიან პირები, რომლებიც იმერეთის რეგიონში პროვოკაციების მოსაწყობად ჩავიდნენ და აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ? ძმები წულუკიძეების სახელი ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჟღერდა და მათ მიმართ სერიოზული ბრალდებები არსებობს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქუთაისში, რევაზ და ფირუზ წულუკიძეები ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე, პროვოკაციების მოწყობის მიზნით, ,,ნაციონალური მოძრაობისა” და მათი ლიდერების დავალებით, ბათუმიდან ჩავიდნენ. მათთან ერთად ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს” ვაჰაბიტი მხარდამჭერები: თორნიკე და თამაზ ჭელიძეები, ირაკლი და გიორგი ჭელიძეები. თან ახლდათ ახლო მეგობარი – ელდარ ანთაძე, ქეთევან კობაური, კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი თანამშრომელი – გიორგი ბარამიძე და სხვა რადიკალურად განწყობილი მხარდამჭერები.

რა ვიცით მათ შესახებ? მიმდინარე წლის დასაწყისში მედიაში არაერთხელ გაჟღერდა, რომ წულუკიძეები ბოლო პერიოდში არაერთ აქციაში მონაწილეობდნენ. მათ შორის, გურიაში, სადაც მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბი სწორედ აჭარიდან ჩასულ პირებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის მოხდა.

მაშინ, გურიის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ მუსლიმებსა და მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის მოლაპარაკებები დასასრულისკენ მიდიოდა, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სასულიერო პირების ჩართულობით მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას ერთმა ჯგუფმა უნდობლობა გამოუცხადა.
ჩოხატაურის მერიის წინ აქციაზე მყოფი ადგილობრივები არ უარყოფენ, რომ მიღწეული შეთანხმება გარეშე პირებმა ჩაშალეს. დაპირისპირებას არაერთგზის ნასამართლევი და ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირში შემჩნეული ფირუზ წულუკიძე ხელმძღვანელობდა.
ის თავის თანამოაზრეებთან ერთად ბუკნარში აქციის მონაწილეებს 12 იანვარს აჭარიდან შეუერთდა.
ფირუზ წულუკიძე რამდენიმე წლის წინ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ოფიციალურად გასამართლდა. მისი ძმა – რეზო წულუკიძეც ბრალდებული იყო, რომელიც გასულ წელს დააკავეს. ბრალდებულების – რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის მხარდასაჭერად აქციაც გაიმართა, რომელსაც რეზოს ძმა – ფირუზი ხელმძღვანელობდა. აქციები სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

პრეისტორია – რა კავშირი ჰქონდათ წულიკიძეებს ტერორისტ ჩატაევთან

აიუფ ბორჩაშვილისა და ბახუნტარიძე-წულუკიძის გათავისუფლებას მუსლიმურ თემში კარგადაა ცნობილი ფირუზის რადიკალური შეხედულებები და კავშირი ტეროტირზმში მხილებულ პირებთან, მათ შორის, 2017 წელს ლიკვიდრებულ აჰმედ ჩატაევთანაც.
2015 წელს საქართველოს კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელობას საერთაშორისო ტერორიზმის ბრალდებით ძებნილმა ჩატაევმა აუდიომუქარა გამოუგზავნა და ციხიდან რამდენიმე პირის გათავისუფლება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში ტერაქტების მოწყობით იმუქრებოდა. ჩატაევი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილისა და აჭარელი მოჭიდავეების – თემურ ბახუნტარიძისა და ფირუზ წულუკიძის გათავისუფლებას ითხოვდა, რომლებიც სამართალდამცველებმა 2013 წლის 13 სექტემბერს ერთად დააკავეს.
მაშინ კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ ფირუზ წულუკიძე ბათუმში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს, იუსუფ ლაკაევს მალავდა, რომელიც საქართველოს საზღვრის გვერდის ავლით, უკანონოდ უნდა გადაეყვანა თურქეთის რესპუბლიკაში. ოფიციალური ინფორმაციით, მათ აღნიშნულ საქმიანობაში დახმარებას, ასევე, ბათუმში დროებით მცხოვრები თემურ ბახუნტარიძე უწევდა. დაკავების დროს ლაკაევმა პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია და მათ ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, სამართალდამცველი. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს წულუკიძე და ბახუნტარიძეც.

30 წლის ლაკაევთან ერთად, საეჭვო პირთა წრეში მოხვდნენ თემურ ბახუნტარიძეც და ფირუზ წულუკიძეც. თავის დროზე მათ ამ მიზეზით ქვეყნიდან გასვლის უფლებაც კი არ მისცეს.
„საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისა და იქ მყოფი ტურისტების უსაფრთხოება დასრულდება“ – ამ შინაარსის აუდიომუქარა გამოგზავნა 2015 წელს აჰმედ ჩატაევმა, სადაც ის აიუფ ბორჩაშვილის და ბახუნტარიძე-წულუკიძის გათავისუფლებას მოითხოვდა.
ხელისუფლებამ ჩატაევის ულტიმატუმი არ დააკმაყოფილა. უფრო მეტიც, ბორჩაშვილის საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის თქმით, ეს ჩანაწერი გახდა ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება აიუფ ბორჩაშვილის წინააღმდეგ.
„ჩანაწერში ჩატაევი ამბობს, რომ, თუ არ მოხდებოდა მათი გათავისუფლება, საქართველოს მოქალაქეებსა და ქვეყანაში მყოფ ტურისტებს უსაფრთხოების მხრივ პრობლემები შეექმნებოდათ. ამ ჩანაწერის კონტრტერორისტული ცენტრისთვის გადასაცემად ჩატაევმა მის მეგობარს, ალექსანდრე თალაკვაძეს ერთკვირიანი ვადა განუსაზღვრა და უთხრა, კიდევ დაუკავშირდებოდა. ერთი კვირის თავზე მართლაც დაუკავშირდა თალაკვაძეს და პასუხი მოსთხოვა მის მიერ გაკეთებულ მიმართვასთან დაკავშირებით, რაზეც თალაკვაძემ ასევე ტელეფონით მისწერა, რომ ეს საკითხი ასე მალე არ წყდება და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიეღო. გასაგებიაო, – უპასუხა ჩატაევმა და მას შემდეგ ამ პიროვნებასთან კავშირზე აღარ გამოსულა“, – ამბობს ზვიად ფხაკაძე.

ფირუზ წულუკიძე ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებშიც აქტიურადაა ჩართული. 2020 წლის 28 ოქტომბერს, ფირუზ წულუკიძემ და მისმა მხარდამჭერებმა სოფელ დიდაჭარაში წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს “ქართული ოცნების” კანდიდატებს. ამ ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„ნაცმოძრაობის” კვალი, .ე.წ. კანონიერი ქურდის გარემოცვა, დაშლილი კარავი, ალკოჰოლი და გაუჩინარებული აქტივისტი

ცნობილია, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული წულუკიძე, თანამოაზრეებსა და ნათესავებთან ერთად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხალხის არჩევანის უბნებს გარეთ “დაცვასაც” ცდილობდა, შედეგად მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა არაერთ ფიზიკურ დაპირისპირებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
ამასთან, წულუკიძე 31 ოქტომბრის შემდეგ ბათუმში, აჭარის მთავრობის წინ, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. ის თანამოაზრეებთან ერთად ადგილზე მობილიზებულ პოლიციასთან ფიზიკურ დაპირისპირებაშიც აქტიურად იყო ჩართული. რაც შეეხება რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს, გუმათში გუშინ ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები გუმათიდან ნამოხვანში გადასვლას ითხოვდნენ, თუმცა, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა ძმები წულუკიძეების გამოჩენის შემდეგ, აქციაზე ასევე იმყოფებოდა ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა. ჰესის მშენებლობის მხარდამჭერთა ინფორმაციით, საპროტესტო ტალღას აქტიურად უჭერს მხარს კრიმინალურ სამყაროში „მუსუსას“ ზედმეტსახელით ცნობილი რომან ლომთაძე, ასევე, მისი ძმა, რომელიც აქციებზე ბოლო დღეებში გამოჩდა.

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორისაც, რაც გზის ჩაკეტვამ გამოიწვია. გზა ნამოხვანის მიმართულებით სამართალდამცველებმა უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტეს. შსს-ს ინფორმაციით, მდინარე რიონში წყლის დონის განსაკუთრებული მატებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, არაა გამორიცხული მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდინარე ტერიტორიის დატბორვა, სწორედ ამიტომ, სამართალდამცველებმა კარვების აღების და მოსახლეობის უსაფრთხო ადგილას გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

თუმცა, აქციის მონაწილეებს რიონში წყლის დონის მატების არ სჯერათ და აცხადებენ, რომ სამართალდამცველები მეტეოროლოგიურ პირობებს პროტესტის დასაშლელად იყენებენ. მათ კარვების გაშლა სოფელ ნამოხვანში სურთ და მათ გუმათთან გზა გადაკეტეს.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ კარვების აღებისას სამართალდამცველებმა ადგილზე ალკოჰოლური სასმელების ბოთლები იპოვეს და განაცხადეს, რომ კარვებში უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული, თუმცა, ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან ადგილობრივები.
აღსანიშნავია, რომ კარვების აღებასა და ბოთლების ამოღებას წინ უძღვოდა ინციდენტი, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც კარავში “მორიგეობისთვის” რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა რიონის ხეობაში, მდინარეში გადახტა და გაუჩინარდა. არსებობს ვარაუდი, რომ მამაკაცი მდინარეში გადახტომისას ნასვამი იყო.

10 აპრილს გაუჩინარებული, 30 წლის ნიკა ანთიძეს მდინარე რიონში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ახალგაზრდა აქტივისტის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე უშედეგოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები