ზაალ უდუმაშვილი – მელიას საქმეზე: დღეს იქნება ჩვეულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, რომელსაც გაახმოვანებს მოსამართლე

“რა გადაწყვეტილებაც  უნდა იქნას მიღებული – იქნება ეს ნიკა მელიას გათავისუფლება თუ პატიმრობაში დატოვება, ეს იქნება ძალიან მკაფიო სიგნალი იმისა, არის თუ არა მზად ხელისუფლება პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

უდუმაშვილი ფიქრობს, რომ მელიას საქმეზე დღეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, რომელსაც მოსამართლე გაახმოვანებს.

“მთელი ამ ხნის განმავლობაში პროცესის მიმდინარეობიდან გამომდინარე, არანაირი მოლოდინი არ მაქვს. დღეს იქნება ჩვეულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, რომელსაც გაახმოვანებს მოსამართლე. რა გადაწყვეტილებაც  უნდა იქნას მიღებული – იქნება ეს ნიკა მელიას გათავისუფლება თუ პატიმრობაში დატოვება, ეს იქნება ძალიან მკაფიო სიგნალი არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, მზად არის თუ არა ხელისუფლება, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ ჩვენ დავძლიოთ პოლიტიკური კრიზისი”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა. დღევანდელ პროცესზე სასამართლო, სავარაუდოდ, მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას – პატიმრობას გადასინჯავს.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ნიკა მელიას თანაგუნდელები და მხარდამჭერები არიან შეკრებილნი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები