ბრიტანეთში პრინცის გარდაცვალების გამო გლოვა დაიწყო (ფოტო)

დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ II- ის მეუღლის, ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გლოვა დაიწყო.

The Guardian-ი წერს, რომ ბუკინგემის სასახლის თავზე დროშები დაუშვეს.

Metro-ს ცნობით, დედოფალი ელისაბედი რვა დღის განმავლობაში იგლოვებს, რა დროსაც ის არ შეასრულებს ოფიციალურ მოვალეობებს, ანუ ამ პერიოდში დედოფალი არცერთ კანონს არ დაამტკიცებს.

მეუღლის დაკრძალვის შემდეგ, დედოფალი გააგრძელებს გლოვას, თუმცა, დაუბრუნდება თავის მოვალეობებს. მოსალოდნელია, რომ სამეფო ოჯახის გლოვა 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მედიის ცნობით, ლორდ-კამერგერი, მი-5-ის ყოფილი უფროსი – ენდრიუ პარკერი და ქვეყნის პრემიერმინისტრი – ბორის ჯონსონი დედოფალთან კონსულტაციას გამართავენ პრინც ფილიპეს დაკრძალვასთან დაკავშირებით.

ქვეყანაში ეროვნული გლოვა პრინცის დაკრძალვამდე იქნება. დაშვებული იქნება ეროვნული დროშები, დეპუტატები შავ სამკლაურებს გაიკეთებენ და შავ ჰალსტუხებს ატარებენ.

ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპე 99 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.

წლის დასაწყისში ის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მან დაახლოებით ერთი თვე გაატარა. მოგვიანებით, ის წმინდა ბართოლომეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გაგრძელდა ინფექციისგან მკურნალობა და გულის ოპერაცია ჩაუტარდა. მარტის შუა რიცხვებში პრინცი ფილიპე საავადმყოფოდან გაწერეს და ის უინძორის სასახლეში დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები