გიორგი ვაშაძე: თუ მესამე რაუნდი ჩაინიშნა, ის შეთანხმებით დამთავრდება
“მომავალ კვირაში ველოდები ამ მოჯადოებული წრის გახსნის მექანიზმს, თუ მესამე რაუნდი ჩაინიშნა, ის შეთანხმებით დამთავრდება”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ფასილიტატორებთან გამართული მოლაპარაკებების საფუძველზე, ის მომავალი კვირისთვის მოვლენების განვითარების სამ ვარიანტს ელის – შეიძლება, დასახელდეს მესამე რაუნდის დაწყების გარკვეული თარიღი შეიძლება, დაიდოს დოკუმენტის ახალი შინაარსი, ან პირდაპირ მოლაპარაკება დაინიშნოს მომავალ კვირას.
„რამდენი ხანი უნდა გაიწელოს ეს პროცესი?! წერტილი უნდა დავსვათ ამ საკითხში. შესაბამისად, მე მაქვს ძალიან მარტივი სტრატეგია ამ მოლაპარაკებებში და მედიატორებს არა მარტო ვთხოვ, არამედ გარკვეული ვალდებულებაა მათიც, რომ ეს როლი შესრულდეს. შარლ მიშეელი რომ იყო ჩამოსული, 5 პუნქტი დაიწერა, მათ შორის, პოლიტპატიმრების საკითხი და რიგგარეშე არჩევნების საკითხებიც და 5-ვე ამ საკითხზე გადაწყვეტა უნდა დაიდოს.
შემიძლია, გითხრათ, რომ 5-ვე საკითხთან დაკავშირებით დაიდება დოკუმენტი. მე გეტყვით პრონციპებს და არა – შინაარსს. პრინციპებია: პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ჩანაწერი, როგორ მივდივართ რიგგარეშე არჩევნებამდე, რაც იმას კი არ ნიშნავს, რომ გარანტირებულად იქნება რიგგარეშე არჩევნები, არამედ ნიშნავს იმას, რომ ხალხი გადაწყვეტს, უნდა იყოს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. ჩემთვის ყველაზე სწორი ასეთი ვერსია არის პლებისციტი,“ – განაცხადა ვაშაძემ.