“როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის იმდროინდელი მოადგილე, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი კასეტური ბომბებით დაბომბა, ეს იმას ნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქართული მხარის და არა – რუსული მხარის მიერ“, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხაინდრავას თქმით, მსგავსი განცხადებები რუსულ მხარეს დასაყრდენს აძლევს.
„ყველა ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ. ჩვენი ქვეყნისთვის საერთშორისო კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია. მოვლენები ძალიან სახიფათოა. იმედი მაქვს, ქართული საზოგადოება ამას ყურადღებას მიაქცევს. ძალიან მარტივი კითხვები არსებობს და ამ კითხვებზე მარტივი პასუხებია. კითხვებისა და პასუხების ერთობლიობა ნამდვილად გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გავერკვეთ იმაში, რაც ხდება. საერთაშორისო კონტექსტით დავიწყებ: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის მხრიდან აბსოლუტურად უპრეცედენტო განცხადებები იყო. მან გამოაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, ევროკავშირთან ურთიერთობა გაწყვიტოს. იგივე გამოაცხადა პატრუშევმა, რომელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანია. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ მოვლენებთან, რასაც უკრაინაში აქვს ადგილი. იცით, რომ რუსული სამხედრო არმადაა მობილიზებული უკრაინის საზღვარზე. ვფიქრობ, სამხედრო კონფლიქტი გარდაუვალია. ლავროვს გაცხადებული აქვს, რომ კონფლიქტის შემთხვევაში უკრაინას დაშლიან. ესეცაა მიზანი. ვხედავთ, რომ ყოვედლღე მატულობს დაძაბულობა და კონფლიქტი რეალურ სახეს იძენს. ამიტომ, ბუნებრივია, ამ მოვლენების განცალკავება იმისგან, რაც საქართველოში ხდება, აბსოლუტურად დაუშვებელია. ისმის კითხვა: რატომ გააკეთა სერგი კაპანაძემ განცხადება იმის შესახებ, რომ ცხინვალში ქართული მხარის მიერ კასეტური ბომბები იყო გამოყენებული. რა შუაშია საერთოდ? რატომ გაახსენდა კაპანაძეს ეს თემა, რომელიც 13 წლის წინ მოხდა და რომელიც სტრასბურგში რამდენიმე თვის წინ დაიხურა. სასამართლომ რუსეთისადმი იმ დანაშაულებრივი ქმედებების გამო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელა, განაჩენი გამოიტანა. კითხვა მარტივია: რამ გაახსნა კაპანაძეს კასეტური ბომბები ცხინვალში? რატომ დღეს? რატომ იმ გართულების ფონზე, რაც უკრაინაში ხდება? პასუხი მარტივია: რუსეთი ყველანაირად ცდილობს, ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაცია განახორციელოს. პირველ ყოვლისა კი, სტრასბურგის სასამართლოსი. როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის იმდროინდელი მოადგილე აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი კასეტური ბომბებით დაბომბა, ეს იმას ნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქართული მხარის და არა – რუსული მხარის მიერ. სურათი აბსოლუტურად ნათელია: თუ გვინდა, რომ ხვალინდელ დღეზე ვიზრუნოთ, მივხდეთ, რასთან გვაქვს საქმე, ღრმად უნდა ჩავწვდეთ იმ პრობლემებს, რის წინაშეც ვართ. პრობლემები ძალიან სახიფათოა. როგორც კი სერგი კაპანაძემ გააკეთა ეს განცხადება, იმ წუთში ნაფტალინიდან ამოღებულმა აკო მინაშვილმა დაადასტურა ეს განცხადება. ეს პირდაპირ დასაყრდენს აძლევს რუსულ მხარეს. უკვე გაჟღერდა, ქართული მხარეც ადასტურებს იმას, რომ სტრასბურგის განაჩენი არ არის სიმართლე და ქართულმა მხარემ მძინარე ცხინვალი დაბომბაო, როგორც ამის შესახებ ნათელაშვილი აცხადებდა.
ეს სრული სიცრუეა. ქართულ მხარეს კასეტური ბომბები არ გამოუყენებია. ეს რომ ასე ყოფილიყო, რუსეთი სტრასბურგის სასამართლოში ამ ფაქტების წარდგენას არ დააყოვნებდა. მაგრამ წინაა ჰააგა, რომელმაც რუსული სამხედრო ძალების მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული უნდა დაადასტუროს. ამ სასამართლოს წინ საქართველოს ყოფილი ოფოციოზის მხრიდან გაკეთებული მსგავსი განცხადებები ძალიან სერიოზული საბუთია, რომელსაც რუსული მხარე დაეყრდნობა“, – განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, ოპოზიცია ქვეყნის დასავლური გზის დისკრედიტაციას ახდენს.
„წრე იკვრება, აბსოლუტურად ნათელია, რასთან გვაქვს საქმე. არის შალიკოს ფანჩატური, საიდანაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში შალვა ნათელაშვილის მხრიდან ევროპულ ინსტიტუტებზე, საერთაშორისო თანამეგობრობაზე, ამერიკელ პარტნიორებზე თავდასხმები გვესმის.
სახელმწიფო ინსტიტუტების დასანგრევად მიზანმიმართულ მოქმედებას ვხედავთ. მოქმედებს 100 -კაციანი ზონდერბრიგადა და 3 იდეოლოგიური დივერსანტი: „Tv პირველი“, „მთავარი,, და „ფორმულა“, რომლებიც პირდაპირ საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან. ესაა რუსული ფული. მიხეილ სააკაშვილსა და მის ბიძას, თემურ ალასანიას სხვა ფული არ გააჩნიათ, ესაა რუსული ფული. ამ ფულითა და კეზერაშვილის ნაყაჩაღარი ფულით „მთავარი“ და „ფორმულა“ ფინანსდებიან. რაც შეეხება „Tv პირველს“ – ამას ბოლოსთვის მოვიტოვებ. დიდი კითხვის ნიშნებია, რაზეც ხაზარაძესა და ჯაფარიძეს პასუხების გაცემა მოუწევთ.
თუ ამ ყველაფერს შევკრებთ, ვნახავთ, რაც ხდება: ხდება დასავლური გზის დისკრედიტაცია. ეს დაიწყო მაშინ, როდესაც საქართველომ გამოაცხადა, რომ 2024 წელს ევროკავშირში წევრობის შესახებ განაცხადის შეტანას აპირებს. იმ დღიდან მოყოლებული მშვიდი არცერთი დღე არ ყოფილა. ყოველდღე არის დესტრუქცია. დესტრუქციას აწარმოებს ზონდერჯგუფი, რომელიც 100 კაცისგანაა შემდგარი და მათ სათავში უდგას მაქარაშვილი, რომელიც პირდაპირ რუსეთის მსახურია. ამას არასდროს მალავდა და დღესაც ამ საქმეს ემსახურება, ისევე როგორც ელენე ხოშტარია, რომელიც კაგებე-ს სამჭედლოშია გაზრდილი“, – განაცხადა ხაინდრავამ.
ცნობისთვის, ,,ევროპული საქართველოს,, ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განცხადება 2 დღის წინ გააკეთა.
„დღეს „პოსTV-მ“ დამირეკა. ახალი ჰობი აქვთ – განცხადებებს, რომელიც მათ პროპაგანდას აწყობს, აწებებენ რუსებს და მერე ვითომ სხვა გამოცემის სახელით გეკითხებიან, ამაზე რას ფიქრობო.
უკრიანაში რუსეთი რასაც აპირებს, მაგაზე რას ფიქრობთო და თან წამიკითეს ვითომ კოსაჩოვის გამონათქვამი, რეალურად კი – 2008 წლის ევროსაბჭოს რეზოლუციიდან დამახინჯებული ამონარიდი, სადაც საუბარია, რომ ქართულმა მხარემ დაბომბა ცხინვალი და რომ გამოიყენა კასეტური ბომბები.
ვუპასუხე, რომ არც არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა – თქო, უბრალოდ, ეგ არ იყო ომის დასაწყისი – მეთქი. აშკარად არ მოეწონათ“, – დაწერა კაპანაძემ „ფეისბუქში“.
თამუნა შეყილაძე