ევროკავშირი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დახვეწა, საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობაა

საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ნაბილა მასრალი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დახვეწა საქართველოსთვის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობაა.

„საქართველოს პარლამენტმა პირველ აპრილს საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, რომელიც განიხილავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს. ევროკავშირმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ამ შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზებისა და ახალი წესების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მიესალმება ამ ინიციატივას შესარჩევი პროცესის სამართლებრივ ჩარჩოში ცვლილების თაობაზე, გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეიმუშავა და მიიღო ეს ცვლილებები, ინკლუზიური კონსულტაციის პროცესის გარეშე. ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველომ მანამდე ნაჩქარევად უკვე შეიტანა ცვლილებები ამ კანონმდებლობაში, ვენეციის კომისიისთვის დროული თხოვნის ან მისი საბოლოო მოსაზრებისთვის მოცდის გარეშე.

ამიტომ ევროკავშირი მტკიცედ ურჩევს საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფად მოითხოვოს ვენეციის კომისიის შეფასება იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა მიღებული შესწორებები მის წინა რეკომენდაციებს. ვენეციის კომისიის მიერ ერთხელ უკვე დადასტურებული ახალი წესები ყველა განმცხადებელზე თანაბრად უნდა გავრცელდეს.

უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლო, საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანცია, დაკომპლექტდეს უმაღლესი პროფესიული კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების მქონე მოსამართლეებით. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დახვეწა ასევე არის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობა საქართველოსთვის“, – ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები