ომბუდსმენი: პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია თანასწორობის უფლების ეფექტიან რეალიზებაზე

“თანასწორობის უფლების დაცვის მიმართულებით დადებითი და მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა”, – ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი.

ამავე ანგარიშის თანახმად, პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია თანასწორობის უფლების ეფექტიან რეალიზებაზე – ყველაზე მეტი დაბრკოლება ქალებს, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, ლგბტ+ თემის წევრებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ექმნებოდათ.

გენდერული თანასწორობის კუთხით კვლავ განსხვავდება სქესთა შორის შემოსავლის საშუალო მაჩვენებელი. წლიდან წლამდე იზრდება გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) შემთხვევების რაოდენობა. ამასთან, შემცირდა ძალადობის ფაქტებზე შეტყობინებების მაჩვენებელი. აღნიშნული მიუთითებს, რომ პანდემიის პირობებში ქალები პირისპირ აღმოჩნდნენ მოძალადეებთან, რამაც გაზარდა ძალადობის რისკები, თუმცა შეამცირა შემთხვევათა გამოვლენის შესაძლებლობა.
გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით მედიაგარემო პლურალისტური, თუმცა საკმაოდ პოლარიზებულია. ჟურნალისტების განსხვავებული აზრისა და ხელმძღვანელთა მიმართ ღიად გამოხატული კრიტიკის გამო, აჭარის ტელევიზიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სახალხო დამცველმა ჟურნალისტების შრომითი უფლებების დარღვევად ან/და პირდაპირ დისკრიმინაციად შეაფასა.
გამოწვევად დარჩა პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, ჟურნალისტების მიმართ მათი საქმიანობის გამო ჩადენილი სხვა სახის დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე სრულყოფილი სტატისტიკის არარსებობა.
გასულ წელს სხვადასხვა მასშტაბის მრავალი პოლიტიკური თუ სხვაგვარი შინაარსის შეკრებათა ნაწილის მიმდინარეობამ კვლავ მწვავედ წარმოაჩინა, რომ შეკრების თავისუფლების სრულფასოვნად რეალიზების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო არასათანადოდ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. განხილულია შეკრების მონაწილეთა მიმართ ძალის გამოყენების შემთხვევები და წვრილმანი ხულიგნობისა  და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული დაკავებები.
2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში ცალკე თავი აქვს დათმობილი ინფორმაციის თავისუფლებას. მედიის და უფლებადამცველების უფლებათა ერთგვარ გამოწვევად იქცა ასევე საჯარო ინფორმაციის პერსონალური მონაცემების შემცველობის საფუძვლით დახურვა და გასაჯაროების მიმართ არსებული საჯარო ინტერესების უგულებელყოფა. მოქმედი ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობა ხარვეზიანია და ძირეულ რეფორმას საჭიროებს.
2020 წლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარება წარმოადგენდა. არჩევნების შემდგომ, ხელისუფლებამ საარჩევნო რეფორმის ჩატარებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო. სამუშაო ჯგუფში სახალხო დამცველის აპარატიც არის ჩართული. იმედი გვაქვს, საარჩევნო რეფორმა წარმატებით დასრულდება და კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან სრულად მისადაგებული ფორმით ჩამოყალიბდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები