“სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მედპერსონალის პარტნიორული როლი ვაქცინაციის პროცესში გაზარდოს” – დიმიტრი ხუნდაძე

“დღეს ვაქცინაცია და მისი მნიშვნელობა უფრო მეტია, ვიდრე – მხოლოდ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ეს ის შემთხვევაა, როცა თითოეული მოქალაქე ვაქცინაციითა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვით ქვეყნის ინტერესებსა და მის უსაფრთხოებას იცავს”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის კიდევ უფრო გააქტიურება, რაც ვაქცინებისადმი ნდობას გაზრდის.

“ქვეყანა ვაქცინაციის ტემპს ნელ-ნელა, ეტაპობრივად ზრდის. მიუხედავად არსებული ხარვეზებისა, პროცესი იხვეწება. სხვადასხვა მწარმოებელთან მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები ვაქცინის იმპორტის გაზრდის მიზნით, თუმცა, მათი საერთაშორისო აღიარება უცვლელ პირობად უნდა დარჩეს მისი გამოყენებისთვის, ისევე როგორც მოქალაქეების ვაქცინაცია უნდა მოხდეს მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც შესაბამისი რეანიმაციულ მომსახურების შესაძლებლობები არსებობს.

ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, დასახელდა სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების ჩართულობაც. ვფიქრობ, ამ ჩამონათვალს რეზიდენტებიც უნდა დაემატონ, რადგან ეპიდვითარების შესაძლო გაუარესების შემთხვევაში, მათი აუცილებელი მონაწილეობის დროს, მათსავე ჯანმრთელობას წინსწრები დავაზღვევთ. მნიშვნელოვანი და აუცილებელია საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის კიდევ უფრო გააქტიურება, რაც ვაქცინებისადმი ნდობას გაზრდის. თუმცა მედპერსონალის, როგორც პროცესის მთავარი პარტნიორების, აქტიური ჩართულობის გარეშე სასურველი შედეგის მიღწევა რთული იქნება, არა და ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინებისადმი სანდოობის გაზრდისთვის მათაც უფრო მეტი ინფორმაცია სჭირდებათ.

მით უმეტეს, როცა საზოგადოების 74% ყველაზე სანდო ინფორმაციის მიმწოდებლად, სრულიად ლოგიკურად, სწორედ მათ მიიჩნევს. დღეს ვაქცინაცია და მისი მნიშვნელობა უფრო მეტია, ვიდრე – მხოლოდ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ის, პირდაპირი მნიშვნელობით, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებზე გადის. ეს ის შემთხვევაა, როცა თითოეული მოქალაქე ვაქცინაციითა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვით ქვეყნის ინტერესებსა და მის უსაფრთხოებას იცავს, არადა ჩვენი ქვეყნის ისტორიას, თუ გადავხედავთ, მათ შორის, უახლესსაც, ამის კეთება პირიქით, სიცოცხლის დათმობის ფასად უწევდათ გმირებს”, – აცხადებს ხუნდაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები