გიორგი ვაშაძე: ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული როლი ითამაშა პრეზიდენტმა, ჩემი ინფორმაციით, მან უარი განცხადა პროცესში შეწყალების ინსტრუმენტის გამოყენებაზე
ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული როლი ამ პროცესში ითამაშა საქართველოს პრეზიდენტმა, მან უარი განცხადა პროცესში შეწყალების ინსტრუმენტის გამოყენებაზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხისტი პოზიცია რურუასთან დაკავშირებით, ცალსახად ხაზს უსვამს და მიუთითებს იმას, რომ ის პოლიტიკური პატიმარია.
„ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული როლი ამ პროცესში ითამაშა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ჩემი ინფორმაციით, არაერთი შეხვედრის შემდეგ, რომელიც მასთან იყო, მან უარი განცხადა პროცესში შეწყალების ინსტრუმენტის გამოყენებაზე. თვითონ ის ფაქტი, რომ შეწყალების ინსტრუმენტი არ არის გამოყენებული და „ქართული ოცნების“ ხისტი პოზიცია რურუასთან დაკავშირებით, ცალსახად ხაზს უსვამს და მიუთითებს იმას, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი. მხოლოდ პოლიტიკური შეხედულებიდან გამომდინარე არ იღებენ ისინი ამ გადაწყვეტილებას.
ღიად მინდა ვთქვა, რომ ის არც ჩემი პირადი მეგობარია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ უნდა იყვნენ და ამ მოლაპარაკებებამდე ცალსახად ვაფიქსირებდით „სტრატეგია აღმაშენებელი“ ჩვენს პოზიციას, რომ ვერ დავუტოვებდით მძევლად „ქართულ ოცნებას“ პატიმრებს. დანარჩენ სამ პუნქტზე ჩვენ დღესაც თანახმა ვართ, რომ დღესაც ხელი მოვაწეროთ. ეს არ არის საბოლოო დოკუმენტი, რადგან არც დასავლეთი და არც მოდერაციის მხარე არ ფიქრობს, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ობიექტურად ყველა მხარემ უნდა მოაწეროს ხელი, რადგან მანდატი, რომელიც მათ აქვთ არ არის ბოლომდე რეალიზებული, როგორც რიგგარეშე არჩევნებთან, ისე პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით.
აქვე მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც თვითონ მოგვმართავს ქვეტექსტებით, რომ ჩვენ თურმე კომპრომისულები უნდა ვიყოთ და სახელმწიფოებრივად ვიაზროვნოთ. რაც არჩეული ხართ ქალბატონო სალომე, პირველად მოგეცათ შესაძლებლობა კონკრეტული როლი შეასრულოთ ქვეყნის განვითარების პროცესში, ერთადერთი ფუნქცია, რაც გაქვთ მონიჭებული კონსტიტუციით, ამ ფუნქციის გამოყენებით შეგიძლიათ დაძრათ ყინულიდან მოლაპარაკებების პროცესი. არც დღეს არის გვიან“, – განაცხადა ვაშაძემ.