რუსები ისევ გერმანიასა და მის მთავრობას უტევენ?

გერმანიის ბუნდესტაგის 7 დეპუტატი და ფედერალური მიწების (ლანდტაგი) 31 დეპუტატი ჰაკერების თავდასხმის სამიზნეები გახდნენ. Der Spigel-ი იუწყება, რომ გერმანიის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები ამ თავდასხმაში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის – ГРУ-ს კვალს ხედავენ.

გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის ვერსიით, დანაშაულებრივი ჯგუფის, Ghostwriters -ის ჰაკერებმა „ფიშინგ“ ელექტრონული წერილები გამოიყენეს, რომლებიც გერმანელი დეპუტატების პირად ფოსტებზე დაიგზავნა.

ასევე, Der Spigel-ი აღნიშნავს, რომ ჰაკერული ჯგუფი – Ghostwriters-ი დეზინფორმაციულ კამპანიებშიც აქტიურ მონაწილეობას იღებს.
გერმანულ მედიაზე დაყრდნობით, DW-ე წერს, რომ ძირითადად თავდასხმის ობიექტები აღმოჩნდნენ პოლიტიკოსები მმართველი კოალიციიდან და ასევე რამდენიმე აქტივისტი ჰამბურგიდან და ბრემენიდან. ბუნდესტაგის წარმომადგენლის განცხადებით, ჯერჯერობით, არ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ კიბერშეტევამ პარლამენტის ინფრასტრუქტურას რაიმე ზიანი მიაყენა. ყველა დეპუტატი, რომელიც ამ დარტყმის სამიზნე გახდა, უკვე ინფორმირებულია. გერმანელი კიბერუსაფრთხოების ექსპერტების თქმით, ახლანდელი თავდასხმის მასშტაბი ბევრად მცირეა, ვიდრე 2015 წელს ბუნდესტაგზე მომხდარი კიბერთავდასხმა, რომელმაც მთელი მსოფლიო აღაშფოთა. 2015 წელს გერმანიის პარლამენტზე კიბერთავდასხმა თითქმის ერთ თვეს გაგრძელდა. ამ პერიოდში ჰაკერებმა 16 გიგაბაიტამდე მონაცემების ჩამოტვირთვა მოახერხეს, მათ შორის იყო ბუნდესტაგის წევრების ათიათასობით ელექტრონული წერილი და კანცლერ ანგელა მერკელის სამდივნოდან ელექტრონული მონაცემები. გერმანელი სამართალდამცველების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ცხადყო, რომ ამ მასშტაბური თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ჯგუფი იდგა. მიიჩნევა, რომ კიბერშეტევის უშუალო შემსრულებელი, ГРУ-ს თანამშრომელი, ჰაკერული ჯგუფის Fancybear/APT28-ის წევრი – დიმიტრი ბადინია, რომელზეც გერმანიის ხელისუფლებამ დაპატიმრების ორდერი 2020 წლის მაისში გამოსცა. ამ კიბერთავდასხმის გამო, გასული წლის ოქტომბერში ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის მიმართ სანქციებიც შემოიღო. სანქციების სიაში მოხვდა არა მხოლოდ ГРУ-ს თანამშრომელი ბადინი, არამედ – მთლიანად რუსეთის სპეციალური სამსახურების 85-ე მთავარი ცენტრი, იგივე (Fancybear/APT28) და პერსონალურად ამ ცენტრის ხელმძღვანელი, იგორ კოსტიუკოვი.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს გამოცემა The Insider -მა გამოავლინა Fancybear/APT28- ის კავშირი ГРУ-ს დანაყოფ 26165-თან, რაც მოგვიანებით სხვადასხვა ქვეყნის კიბერსამსახურებმაც საჯაროდ დაადასტურეს. ეს დანაყოფი არაერთი ქვეყნის სახელმწიფო და კერძო უწყებებზე თავდასხმებით არის ცნობილი.
გერმანია არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც ვლადიმერ პუტინის მსახურმა ჰაკერებმა კომპიუტერული მანიპულაციები განახორციელეს – ბადინისა და მისი გუნდის კვალს ხედავენ იმ თავდასხმებში, რომლებიც განხორციელდა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ოფისზე, შვეიცარიის ქალაქ შპიცში ქიმიურ ლაბორატორიაზე, დანიის მთავრობის სერვერებზე, ფრანგულ ტელეკომპანიაზე, ემანუელ მაკრონის ელექტრონულ ფოსტასა და სხვა მრავალ ობიექტზე.
დანაშაულებრივ ჯგუფს Fancy Bear/APT28, რომლის რიგებში დიმიტრი ბადინია, მიზანში არაერთი სახელმწიფო და მისი სტრუქტურები ჰყავს ამოღებული. მათი სამიზნეები გახდნენ უკრაინა და საქართველოც. Fancy Bear-მა უკრაინაში პოლიტიკოსების ელექტრონული ფოსტები “გატეხა”, ეს ჯგუფი ხშირად რუს ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წევრების ინფორმაციას იპარავს, მათ შორის იყო ალექსეი ნავალნისა და მიხეილ ხოდორკოვსკის ელექტრონული ფოსტის მონაცემებიც.
გავიხსენოთ, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლოს, საკრებულოების, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო, კომერციული და მედიაორგანიზაციის ვებგვერდებზე, სერვერებსა და კომპიუტერულ მართვით სისტემებზე თავდასხმა მოხდა. ამ შემთხვევაშიც იმავე ჰაკერულმა ჯგუფმა, Fancy Bear-მა დატოვა კვალი. ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით დადგინდა, რომ ოპერაცია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა. ეს თავდასხმა დაგმო დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, დანიამ, ესტონეთმა, ლიეტუვამ, პოლონეთმა, ნორვეგიამ, ჩეხეთმა, მონტენეგრომ, რუმინეთმა, ნიდერლანდებმა, კანადამ, ავსტრალიამ და უკრაინამ. მართალია, კრემლი მაშინაც და ახლაც ამ დანაშაულებრივ თავდასხმებთან კავშირს უარყოფს, მაგრამ რადგან ამ უარყოფის არავის სჯერა, რუსეთის ფედერაცია მუდმივად აგრესორის სახელმწიფოს პოზიციაში რჩება.

გიორგი მექვაბიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები