ნინო ლომჯარია: ძალიან ბევრი სპეკულაცია ხდება
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პოლიტიკური სპეკულაციებიდან გამომდინარე, კარგი იქნება, რომელიღაც ეტაპზე გარკვეული საკითხები მოლაპარაკების შესახებ საზოგადოებაში გასაჯაროვდეს.
ლომჯარიას თქმით, ის მზად არის, შეხვდეს როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მოლაპარაკებებში ჩართულ მედიატორებს.
„მზად ვარ, მხარეებს შევხვდე – როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე, მედიატორებს. მქონდა მათთან ცალკეული შეხვედრები და კომუნიკაცია. ჩემი, როგორც სახალხო დამცველის პოზიციაა ის, რომ იმ 6-პუნქტიან ჩარჩო-შეთანხმებაში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მხარეებს წარუდგინა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, რაც ძალიან მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტზე ქვეყანაში. ეს არის სასამართლო რეფორმა, სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, სამართლიანი სასამართლო. ვფიქრობ, აუცილებელია მოლაპარაკების პროცესში ამ საკითხებზე იყოს შეთანხმება. ველოდები, რომ შეთანხმება მიღწეულ უნდა იქნას. რომელიღაც მხარე ქვეყნისთვის არსებითად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით თუ არ განაცხადებს მზადყოფნას, გადადგას ნაბიჯები, ამ შემთხვევაში საზოგადოებას ძალიან ლეგიტიმური უფლება ექნება, იცოდეს, ვინ იყო ეს პოლიტიკური პარტია. რომელიღაც ეტაპზე კარგი იქნება, გარკვეული საკითხები მოლაპარაკების შესახებ საზოგადოებაში გასაჯაროვდეს. ძალიან ბევრი პოლიტიკური სპეკულაცია ხდება. ვფიქრობ, საზოგადოებას შეთანხმება უნდა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.