გიგი წერეთელი: კრისტიან დანიელსონის მეორედ ჩამოსვლამ უფრო მეტი იმედი გააჩინა, რომ შესაძლებელია, შეთანხმება შედგეს
“ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში მეორედ ჩამოსვლა პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმების მიღწევის უფრო მეტ იმედს აჩენს.
მისივე თქმით, საჭირო დროს საჭირო კომპრომისები უნდა გაკეთდეს.
„დანიელსონის მეორედ ჩამოსვლამ გაცილებით უფრო მეტი იმედი გააჩინა, რომ შესაძლებელია, შეთანხმება მოხდეს. ის, რომ პოლიტიკაში კომპრომისი სისუსტის ნიშანი არაა, მგონი, პირველად არ მოგვისმენია. საჭირო დროს საჭირო კომპრომისები უნდა გაკეთდეს. პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომელიც ჯიუტად აცხადებს, რომ არის საკითხები, რომლებზეც არ ისაუბრებენ. ეს სწორედ ის მთავარი საკითხებია, რომლებიც ეხება პოლიტპატიმრების საკითხს და ვადამდელ არჩევნებს“, – განაცხადა წერეთელმა.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი უკვე საქართველოშია. როგორც ცნობილია, დანიელსონი მედიაციის პროცესს ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს.