გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები ცაგერის მუნიციპალიტეტში განვითარებულ სტიქიურ პროცესებს ადგილზე სწავლობენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური სამსახურის გეოლოგების ჯგუფი ცაგერის მუნიციპალიტეტში იმყოფება და ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე განვითარებულ მეწყრულ პროცესებს ადგილზე ეცნობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებამ და ხანგრძლივმა წვიმამ აღნიშნულ ტერიტორიაზე მასშტაბური მეწყრული პროცესების პროვოცირება მოახდინა.
მათივე ცნობით, ჩამოშლილმა მასამ საავტომობილო გზა დააზიანა და 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.
“სააგენტოს გეოლოგებმა ოპერატიულად განახორციელეს პირველადი კვლევები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ადგილი აქვს ძველი მასშტაბური მეწყრის გააქტიურებას.
მეწყრის მასშტაბურობიდან და რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ზემოთ აღნიშნული გზის აღდგენა ვერ ხერხდება და მიმდინარეობს სოფლის დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის დერეფნის შერჩევა, რაშიც აქტიურად არის ჩართული გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი. ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ გადაცემული იქნა შესაბამისი უწყებებისთვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.