გიორგი ვაშაძე: სენატორები საუბრობენ, რომ იზრდება ოლიგარქიული გავლენა მართლმსაჯულების სისტემასა და პოლიტიკაზე, მელიას დაჭერა უკან გადადგმული ნაბიჯია დემოკრატიისთვის

“სენატორები საუბრობენ, რომ იზრდება ოლიგარქიული გავლენა მართლმსაჯულების სისტემასა და პოლიტიკაზე, მელიას დაჭერა უკან გადადგმული ნაბიჯია დემოკრატიისთვის”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი გზავნილია, რომ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, ქვეყანა გამოიყვანოს პოლიტიკური კრიზისიდან.

„ვერ ვხვდები, რა უხარია „ქართულ ოცნებას“ მაშინ, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ გვქონია მსგავსი ნეგატიური გზავნილები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. სენატორები საუბრობდნენ, თუ დემოკრატიამ არ იმუშავა, საქართველო დაკარგავს ევროატლანტიკური წევრობის შანსს. ასევე, საუბარი იყო იმაზე, რომ იზრდება ოლიგარქიული გავლენა მართლმსაჯულების სისტემასა და პოლიტიკაზე, მელიას დაჭერა უკან გადადგმული ნაბიჯია დემოკრატიისთვის. მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრების მითითება იმის შესახებ, რომ ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარებული არჩევნების პრაქტიკა მიუღებელია დემოკრატიული სამყაროსთვის და ოპოზიციური პარტიის ლიდერები ციხეში არ უნდა ისხდნენ. მთავარი გზავნილია, რომ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, ქვეყანა გამოიყვანოს პოლიტიკური კრიზისიდან, რადგან ეს კრიზისი აზიანებს სახელმწიფოს, ხალხს და ემსახურება რუსეთის ინტერესებს. ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მაღალი ინტერესი და ჩართულობა ნაკარნახევია არა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, როგორც ხელისუფლება ცდილობს, რომ გაასაღოს, არამედ – საქართველოს წარმატებისა და დახმარების სურვილით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები