სალომე სამადაშვილი: გიორგი გახარიას პრემიერობის დროს ქვეყანამ უკუსვლა განიცადა – ვერ ვხედავ, რომ მას დიდი პოლიტიკური პოტენციალი აქვს
“ვერ ვხედავ, რომ გიორგი გახარიას დიდი პოლიტიკური პოტენციალი აქვს, თუმცა, შესაძლოა, რომ ეს არის მორიგი მცდელობა, ბიძინა ივანიშვილის ალტერნატიული პოლიტიკური პროექტის გზით ზეგავლენა მოახდინოს ქართულ პოლიტიკურ ვითარებაზე”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიას პრემიერმინისტრობის დროს ქვეყანამ უკუსვლა განიცადა.
„გიორგი გახარია არის ადამიანი, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთით არის, რაც უკავშირდება მის როლს 20 ივნისის მოვლენებში, მაგრამ არამხოლოდ ეს, ის ასევე იყო პრემიერმინისტრი, რომლის მმართველობის პირობებში ქვეყანამ საგრძნობი უკუსვლა განიცადა. ამიტომ, პირადად მე ვერ ვხედავ, რომ მას აქვს დიდი პოლიტიკური პოტენციალი, თუმცა, შესაძლოა, რომ ეს არის მორიგი მცდელობა ბიძინა ივანიშვილის ალტერნატიული პოლიტიკური პროექტის გზით ზეგავლენა მოახდინოს ქართულ პოლიტიკურ ვითარებაზე. გახარიას თუ მიაჩნდა, რომ ის ხელისუფლება, რომელსაც ის წლების განმავლობაში წარმოადგენდა, აცდენილი იყო ევროპულ კურსს, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, რომ დიდი ხნის წინ მიეღო გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგიმ გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.