ელენე ხოშტარია – გახარიას დაბრუნებაზე: ყველას აქვს უფლება, პოლიტიკაში იყოს, უბრალოდ, მთავარი კითხვები არის, რა არის მისი ამოცანა
“ყველას აქვს უფლება, პოლიტიკაში იყოს, უბრალოდ, მთავარი კითხვები არის, რა არის მისი ამოცანა”, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი თქმით, გახარია პასუხისმგებლობებს ვერ გაექცევა და ბევრ კითხვაზე პასუხი აქვს გასაცემი.
„ანალიტიკოსებს შეგიძლიათ, ჰკითხოთ, რა შანსები აქვს გახარიას და როგორ. ჩემი პრეროგატივა არ არის, ამაზე ვიმსჯელო. ყველას აქვს უფლება, პოლიტიკაში იყოს, უბრალოდ, მთავარი კითხვები არის, რა არის მისი ამოცანა. ასევე მთავარი კითხვა არის პასუხისმგებლობები, რომლებსაც ვერსად გაექცევა, დაწყებული 20 ივნისიდან, ზვიად რატიანის საქმე და ბევრი სხვა მძიმე საქმიდან, რომელიც მას უკავშირდება. ამ პასუხისმგებლობიდან გაქცევას არ ჰყოფნის პოლიტიკაში ყოფნის დაანონსება. ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ წავკისში, საკუთარ სახლთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.