დათო მაღრაძე: ნათელია, რომ სააკაშვილი ოპოზიციაში ზოგს პატიმრად ამუშავებს, ზოგსაც – მაგიდის ამყირავებლად
“ხელისუფლების წევრები იმას ცდილობენ, როგორ მოუგონ ნიშანი ოპოზიციის წევრების ამა თუ იმ გამონათქვამს, ოპიზიცია კი მხოლოდ სააკაშვილის სცენარზეა ორიენტირებული”, – ამის შესახებ პოეტი, დათო მაღრაძე გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.
მისი თქმით, უნდა შეიქმნას ახალი, მესამე ძალა, რომელიც არარევანშისტული იქნება.
,,ორ რეალობას შორის ვცხოვრობთ – ტელევიზია და ნამდვილი. ტელერეალობაში არის აპოკალიფსი, ,,იოანეს გამოცხადების” მსგავსად არის ტელეწამყვანების ყოველდღიური გამოცხადებები, კვამლით, ცეცხლითა და გორგირდით თენდება და რამდება, მხეცი ხან მიწიდან ამოდის, ხან წყლიდან… ანუ ის, რაც მიხეილ სააკაშვილს სურს, საქართველოში იყოს. მეორე რეალობაში კი, ანუ ჩვენს სინამდვილეში, მოსახელობას მშვიდობა, წინსვლა, ევოლუციური განვითარება სურს. სამწუხაროა, რომ ქართული სულიერების, ქართული კულტურის თარგმნა სამოქალაქო შეგნების ენაზე ვერა და ვერ მოხერხდა. ეს არ ჰგავ ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას, პეტრე ოცხელის, ნიკო ფიროსმანაშვილის სამშობლოს, ვერ ვტოვებთ კულტურული გენერაციის შთაბეჭდილებას. ქართული სულიერება ქართული პოლიტიკური კულტურის ენაზე ვერ გადაითარგმნა. არადა, დეკლარირებული გვაქვს დასავლური ფასეულობები და ოპოზიციის თუ ხელისუფლების წარმომადგენელს რომ ჰკითხოთ, ჩვენი არჩევანი ევროპაა, მაგრამ როგორც კი ევროპული ღირებულებები სააკაშვილის სცენარს დაუპირისპირდა, როდესაც სასწორის ცალ პინაზე დადგა ევროპა, მეორეზე კი მისი სცენარი, ოპოზიციამ პრიორიტეტი სააკაშვილს მიანიჭა, მისი რევოლუციური სცენარი აირჩია და არა – ევროპული ღირებულებები.
წყალწაღებული ოროსნებივით მოიქცნენ, უმაღლესი მათემატიკის ცოდნაზე დებენ თავს, არადა, გამრავლების ტაბულაც არ სცოდნიათ. დაუსრულებელ კინკლაობაში ქართულმა პოლიტიკამ სახე დაკარგა. ხელისუფლების წევრები იმას ცდილობენ, როგორ მოუგონ ნიშანი ოპოზიციის წევრების ამა თუ იმ გამონათქვამს, ოპიზიცია კი მხოლოდ სააკაშვილის სცენარზეა ორიენტირებული. მას ახსოვს, რომ 2003 წელს, შევარდნაძის 30-წლიანი მმართველობის შემდეგ ხელისუფლების ლამის 100% ჩაიგდო ხელში, კალენდარში ჩარჩა და სურს, მთელი ოპოზიციური სპექტრიც ჩატოვოს. სააკაშვილს 2021 წელს ისევ შევარდნაძის 30-წლიანი მმართველობა ჰგონია და ახლა სურს აღებული ხმების 25% როგორმე მაშინდელივით 85 ან 100 პროცენტად გადააქციოს, თან ამის გაკეთებას დანარჩენი ოპოზიციის აყოლიებით ცდილობს.
ნათელია, რომ სააკაშვილი ოპოზიციაში ზოგს პატიმრად ამუშავებს, ზოგსაც – მაგიდის ამყირავებლად. მე არც ,,ნაციონალებისთვის” მიმიცია ხმა და არც – ,,ოცნებისთვის”, მაჟორიტარის სიით გასულ კანდიდატს, ჯაბა ჯიშკარიანს მივეცი, რომელსაც ისეთი ბიოგრაფია აქვს, ,,ოცნებაში” ბევრი რომ ვერ დაიკვეხნის, თუმცა ჩემი, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ამომრჩევლის ხმა, სააკაშვილთან გადაამისამართეს, ანუ მომატყუეს, ისევე როგორც ბევრი სხვა. სააკაშვილისთვის რომ მდომოდა ხმის მიცემა, მივცემდი. ეს აღარასდროს განმეორდება, რადგან უკვე ვიცი, რომ ამ ოპოზიციისთვის ხმის მიცემა არ ღირს.
პარლამენტში არ შედიან, ქუჩაში კი მხარდამჭერი არ ჰყავთ რეალურად, ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებელ მაგიდას ოპოზიციის მხრიდან ერთადერთი კაცი, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი უზის. შესაბამისად, მას ძალას ვერ დავარქმევთ. თუნდაც ამიტომ უნდა შეიქმნას ახალი ძალა, რომელიც არარევანშისტული იქნება”, – აცხადებს დათო მაღრაძე.