თამარ ტალიაშვილი – მოლაპარაკებების კარი ღიაა, რამდენიმე პარტიამ უკვე გამოთქვა ინტერესი, სხვა ფორმატში აწარმოონ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებები

ოპოზიციური პარტიებისთვის მოლაპარაკებების კარი კვლავ ღიაა. რამდენიმე პარტიამ უკვე გამოთქვა ინტერესი, სხვა ფორმატში აწარმოონ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თამარ ტალიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ერთადერთი პოზიცია, რომელიც საზოგადოებას, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებას რადიკალურმა ოპოზიციამ მოლაპარაკებების მაგიდასთან შესთავაზა, იყო ის, რომ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან რამდენჯერმე გამოცხადდნენ.

მოლაპარაკებების კარები კვლავ ღიაა. ხედავთ, რომ რამდენიმე პარტიამ უკვე გამოთქვა ინტერესი, რომ უფრო სხვა ფორმატში აწარმოონ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებები. ასე, რომ ყველა, ვისაც სურს, რომ ჩვენ ევროპულ გზაზე ვიაროთ წარმატებით, მით უმეტეს მსოფლიოში რეგიონალური კრიზისის გათვალისწინებით, აუცილებელია, რეალური საქმის კეთება და არა დესტრუქცია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პარლამენტარიზმი ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი. მთელი მსოფლიოსთვის ცხადია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიძლება იყოს, პარტია, რომელმაც აიღო მეტი ხმა და შეიძლება იყოს პარტია, რომელმაც – ნაკლები ხმა. ამ ყველაფრის, პარლამენტარიზმის იდეის შეცვლა მხოლოდ და მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ პარტიას რომელმაც აიღო ნაკლები ხმები, სურს ხელისუფლებაში მოსვლა და მერე გადასვლა, ასეთ დესტრუქციულ ქმედებაში არის ქვეყნის მტრობა“, – განაცხადა ტალიაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენელთა დღევანდელ განცხადებას სამოქმედო გეგმასა და აქციასთან დაკავშირებით, ტალიაშვილის თქმით, მთელი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ არასდროს არ ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას გეგმა, რომ რეალურად შესულიყვნენ პარლამენტში და გაეგრძელებინათ მუშაობა.

„მათ მიერ გაცხადებული დესტრუქცია, რომელიც ნათელი იყო ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში. ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, მათ შორის, ირაკლი კობახიძემ გააჟღერა ამის შესახებ, რომ ცნობილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული მიზანი. დღესაც კიდევ ერთხელ დაინახეთ ის ადამიანები და პარტიები, რომლებიც შეკრებილები არიან, პრინციპში, ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანებულები. „ქართული ოცნებისთვის“ მოლაპარაკება და კონსტრუქციული რეჟიმი წლების განმავლობაში არის სწორედ მმართველი ხელისუფლების არჩევანი. ისიც ნათელია საზოგადოებისთვის, რომ არა მმართველი გუნდის არჩევანი, კონსტრუქციული ტიპის მოლაპარაკებები ჩვენი ერთგული პარტნიორების, დასავლეთის, ევროპის ჩართულობით, ვერ შედგებოდა. როდესაც გარკვეულმა პარტიებმა, გარკვეულმა ლიდერებმა გამოიტანეს ინფორმაცია მოლაპარაკებიდან, ცნობილი გახდა, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო კონსტრუქციული, ძალიან მომზადებული იმისთვის, რომ გადაედგა ნაბიჯი კომპრომისისკენ“, – განაცხადა ტალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები