სოკოლოვისა და კრასიკოვის იდენტურობა “ტატუმ” გასცა – ხანგოშვილის მკვლელის რუსეთის სპეცსამსამსახურებთან კავშირის ახალი დეტალი ცნობილია

ხარკოვში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, უკრაინის უსაფრთხოების ძალებმა საოჯახო ალბომიდან ვადიმ კრასიკოვის ფოტოსურათები ამოიღეს, რაც აქარწყლებს უკანასკნელ ეჭვებს იმის შესახებ, რომ ვადიმ კრასიკოვი და ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის დაკავებული, ვინმე “სოკოლოვი” ერთი და იგივე პიროვნებაა, – წერს The Insider-ი.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ “ეს ადასტურებს დასკვნებს, რომელიც The Insider- მა, Bellingcat- მა და Der Spiegel- მა ერთობლივი გამოძიების შედეგად დავდეთ, რომლის დროს ჩვენ არა მხოლოდ მკვლელის იდენტიფიცირება მოვახდინეთ, არამედ დავამტკიცეთ, რომ იგი მსახურობდა ФСБ-ს სპეცდანიშნულების რაზმ “ვიმპელში”. ახლა კი ჩვენ შევძელით, მოგვეპოვებინა მორიგი მტკიცებულება მკვლელისა და რუსეთის სპეცსამსახურების კავშირის შესახებ, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ფსბ-მ მკვლელის ცოლსა და მის ქალიშვილს ახალი პასპორტები დაუმზადა და ყირიმში გაგზავნა”.

პიროვნების იდენტიფიცირება;

The Insider-ი წერს – “ჩვენი პარტნიორის – Der Spiegel-ის წყაროების თანახმად, ახალი მტკიცებულებები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ კრასიკოვის დედამთილის სახლშია ამოღებული, გადაეცა გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებს. Der Spiegel- მა რამდენიმე დოკუმენტი და ფოტოსურათი მოიპოვა, მათ შორის, 2010 წლის ფოტო კრასიკოვისა და მისი ამჟამინდელი მეუღლის ქორწილიდან. დოკუმენტებს შორის ასევე არის ქორწინების მოწმობა “ვადიმ კრასიკოვის” სახელზე.

ფერად ფოტოებზე ვადიმ კრასიკოვის სახე სხვადასხვა რაკურსით არის ნაჩვენები, რაც სახის შედარებას ბევრად სანდოს ხდის, ვიდრე – შავ-თეთრი ფოტოების გამოყენებისას.

მაგრამ მთავარი ის არის, რომ ერთ-ერთ ფოტოში, სადაც კრასიკოვი ზის სანაპიროზე კეპითა და მაისურით, ჩანს მარცხენა მხარზე დატანილი “ტატუ”, რომელიც მთლიანად იდენტურია იმ ტატუსთან, რომელიც ”ვადიმ სოკოლოვის” მხარეზეა აღბეჭდილი.

გერმანიის საბრალდებო დასკვნაში, ისევე როგორც პოლიციის დოსიეში, რომელშიც აღწერილია დაპატიმრებული “სოკოლოვი“, აღნიშნულია მეორე ტატუ – გველი მარჯვენა ხელზე, რაც ასევე ნაწილობრივ ჩანს კრასიკოვის ფოტოზე, რომელიც სანაპიროზეა გადაღებული“.

ფსბ-სთან კავშირის ახალი მტკიცებულება:

გამოძიების წინა ნაწილში ვწერდით, რომ ხანგოშვილის მკვლელობიდან და ვადიმ კრასიკოვის დაპატიმრებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში მისი მობილური ტელეფონიდან, რომელიც რუსეთში იყო დარჩენილი, ხორციელდებოდა კომუნიკაციას სხვა ტელეფონთან, რომელიც რეგისტრირებულია “სხვა” სახელით. ჩვენი სამუშაო ჰიპოთეზა მდგომარეობდა იმაში, რომ მისი გამგზავრების შემდეგ კრასიკოვის ნომრით მეუღლე სარგებლობდა, რაც დასტურდებოდა გეოლოკაციური მონაცემებით, სადაც ნაჩვენებია, რომ ტელეფონი რჩებოდა კრასიკოვის სახლში და ზოგჯერ სინქრონულად გადაადგილდებოდა მისი მეუღლის ტელეფონის ნომერთან ერთად. კრასიკოვის ტელეფონი მოძრაობდა “დომოდედოვოს” აეროპორტის მიმართულებით 2019 წლის 6 დეკემბერს და იმავე დღეს, დაახლოებით შუადღისას, იგი სამუდამოდ გაითიშა. თავდაპირველად, ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ნომერი, რომელსაც უკავშირდებოდა ჯერ კრასიკოვი და შემდეგ მისი მეუღლე, ეკუთვნოდა კრასიკოვის ერთ-ერთ ლიდერს “ვიმპელის” ჯგუფიდან – ევგენი ეროშკინს, რომელიც არის ფსბ-ს სპეცრაზმის ყოფილი მაღალჩინოსანი.

6 დეკემბერს კრასიკოვის ტელეფონის ნომრის გეოლოკაციამ აჩვენა, რომ ის სიმფეროპოლში გამოჩნდა. ამის შემდეგ გავაანალიზეთ იმავე დღის ფრენები “დომოდედოვოსა” და სიმფეროპოლის აეროპორტებს შორის იმ საათების პერიოდში, რა დროსაც ჩაირთო და გამოირთო კრასიკოვის “სხვა” ნომერი. Bellingcat-მა მგზავრთა სია მოიპოვა და აღმოჩნდა, რომ იქ ევგენი ეროშკინი იმყოფებოდა. ასევე, მგზავრთა შორის იყვნენ ქალი და მისი ქალიშვილი, რომელთა სახელები ემთხვეოდა კრასიკოვის ცოლისა და ქალიშვილის სახელებს, მაგრამ გვარი განსხვავებული იყო (ეთიკური მიზეზების გამო, The Insider არ აქვეყნებს ჩვენი გამოძიების ობიექტების ნათესავების სახელებს). აღსანიშნავია, რომ ქალისა და კრასიკოვის მეუღლის დაბადების დღეები და თვეები ემთხვეოდა, მაგრამ წელი განსხვავდებოდა ერთი წლით (ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ყალბი პირადობის შექმნისას ფსბ ხშირად ტოვებს დაბადების დღეს, მაგრამ ცვლის ერთით წელს).

ვერცერთ რუსულ მონაცემთა ბაზაში ვერ ვიპოვეთ ადამიანი ამ სახელითა და დაბადების თარიღით, რაც ადასტურებს იმას, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მკვლელის ცოლსა და ქალიშვილს გადასცა ახალი მოქმედი პასპორტები და ფსბ– ს სპეცდანიშნულების ოფიცერს დაავალა მათი ყირიმში გაცილება. ეროშკინის მოგზაურობის ჩანაწერებიდან ჩანს, რომ 6 დეკემბრის შემდეგ ის ყირიმში თვეში ერთხელ მაინც მგზავრობდა და იყენებდა “მეორე” ნომერს, რომლითაც ასევე უკავშირდებოდა ვიღაცას “სხვა” ნომერზე.

აღსანიშნავია, რომ კრასიკოვის მეუღლისთვის გაცემული ახალი პასპორტი იწყება 45044201 ** და ეკუთვნის იმავე სერიას, რომელიც გადაეცა ფსბ-ს არაერთ ფარულ აგენტს. მაგალითად, იმავე სერიის პასპორტს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ციფრის სხვაობით, იყენებდა “სერგეი ლუკაშევიჩი“, რომელიც 2015 წელს თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრის პოსტს იკავებდა. მედიაში გავრცელებული უამრავი ინფორმაცია და ჩვენება მოწმობდა იმას, რომ დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის ძალოვანი უწყება დაკომპლექტებული იყო ფსბ-ს საიდუმლო ოფიცრებით.”

ფსბ-ს კურატორი:​

“2017 წელს რუსეთის დასაქმების მონაცემიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, 1963 წელს დაბადებული ევგენი ეროშკინი არის “ვიმპელის” თანამშრომელი, რომელიც ფორმალურად ედუარდ ბენდერსკის ეკუთვნის. ბენდერსკი ფსბ– ს სპეცრაზმის “ვეტერანია“, რომელიც ფლობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კომპანიებს ჯგუფს, სადაც ასევე ფორმალურად “მუშაობენ” ყოფილი სპეცრაზმელები. თუმცა, როგორც ჩანს, “ვეტერანების” მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის, თავად ბენდერსკი არც ისე “ყოფილები” არიან.”

გამოძიების მიმდინარეობა:

“უკრაინის ხელისუფლების მიერ გერმანიის გამომძიებლებისთვის მიწოდებული მონაცემები შეიძლება, იყოს სისხლის სამართლებრივი დევნის მნიშვნელოვანი ელემენტი. ეს მონაცემები შეიძლება, საკმარისი აღმოჩნდეს მოსამართლეების დასარწმუნებლად, რომ “ვადიმ სოკოლოვი” არ არსებობს და რომ რუსულმა სახელმწიფომ ვადიმ კრასიკოვს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის წინა დღეს გაუგზავნა ყალბი პირადობის დამადასტურებელი საბუთები. სასამართლოს მოუწევს, შეაფასოს მოცულობითი მტკიცებულება, რომ კრასიკოვი მოქმედებდა რუსეთის სახელმწიფოს სახელით. ამ კვირის დასაწყისში გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ პოლიციელის ჩვენება მოისმინა, რომელსაც ბრალდებულმა ადრე უთხრა, რომ დედას შეეძლო, დაემტკიცებინა, რომ ის ნამდვილად არის გვარად “სოკოლოვი”. თავმჯდომარე მოსამართლემ სთხოვა, ბრალდებულს დედის სახელი ეთქვა და საკონტაქტო ინფორმაცია მიეწოდებინა, რომ მასთან დაკავშირება ყოფილიყო შესაძლებელი, თუმცა, ბრალდებულის ადვოკატი მალევე ჩაერთო საქმეში და თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გააგრძელებს დუმილის კანონიერი უფლების გამოყენებას”.

ავტორი : მონიკა დავლიანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები