„ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ კიდევ ერთ ადამიანს განუვითარდა ანაფილაქსიის მსგავსი მდგომარეობა, თუმცა, მალევე მოხდა მისი კუპირება”
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ კიდევ ერთ ადამიანს განუვითარდა ანაფილაქსიის მსგავსი მდგომარეობა, თუმცა, მალევე მოხდა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა.
„იყო რთული რეაქცია, ბოლო პერიოდის განმავლობაში, დაფიქსირდა კიდევ ერთი შემთხვევა, თუმცა მალევე მოხდა მისი კუპირება. დაახლოებით მსგავს ანაფილაქსიასთან გვქონდა საქმე. არის ანაფილაქსიის შოკი და ასევე ანაფილაქსიის მსგავსი მდგომარეობები, რომელიც შოკის სახით შეიძლება არ გამოვლინდეს, მაგრამ იყოს მსგავსი. ასეთი იყო ერთი შემთხვევა“, – განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებიდან დაახლოებით 30-40 წუთში კომაში ჩავარდა. მეგი ბაქრაძე თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ საღამოს კატასტროფის მედიცინის ბრიგადის ეკიპაჟმა ჩამოიყვანა, ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.