რატი იონათამიშვილი: მოლაპარაკების ჩაშლა ოპოზიციის მხრიდან პრემიერმინისტრის ბრიუსელში წარმატებული ვიზიტის პასუხია

“მოლაპარაკების ჩაშლა ოპოზიციის მხრიდან პრემიერმინისტრის ბრიუსელში წარმატებული ვიზიტის პასუხია”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი წერს.
ამასთან, მმართველი გინდის წევრი მიიჩნევს, რომ რადიკალური ოპოზიცია საპარლამენტო ბოიკოტით, სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ მთავარ საარჩევნო გზავნილს უპირისპირდება, რომელიც გულისხმობს – 2024 წელს ოფიციალურად მივმართოთ წევრობაზე ევროკავშირს.

“ირაკლი ღარიბაშვილს სტრატეგული მნიშვნელობის, საქმიანი და ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდა ევროკავშირისა და ნატო-ს პირველ პირებთან. უმაღლეს დონეზე გაკეთდა ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებები, საქართველო პოზიტიური დღის წესრიგით მოექცა მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში, გამოიკვეთა ევროკავშირთან სრული ინტეგრაციის კონტურები და, ამის საპასუხოდ, რადიკალურმა ოპოზიციამ ისევ რუსული საქმის კეთებას მიჰყო ხელი.

საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ რადიკალური ოპოზიცია საპარლამენტო ბოიკოტით, სინამდვილეში, “ქართული ოცნების” მთავარ საარჩევნო გზავნილს უპირისპირდება – 2024 წელს ოფიციალურად მივმართოთ წევრობაზე ევროკავშირს. სწორედ, ამ განცხადების შემდეგ დაკარგეს მათ საბოლოოდ სახე და ეს არის ამ რბილი ძალების დესტრუქციულობის მთავარი მიზეზი.

დარწმუნებულები ვარ, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, საბოლოოდ, მაინც მივაღწევთ ისეთ შედეგს, რომელიც დაახლოებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან და, თუ ეს ,,ნაციონალური მოძრაობის,, გარეშე მოხდა, კიდევ უფრო მეტად წაადგება ქართულ დემოკრატიას”, – წერს რატი იონათამიშვილი.

გუშინ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები