როდესაც ერთი ხელით გთხოვენ, რომ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა არ იყოს და მეორე ხელით გთხოვენ, რომ დაავალე მართლმსაჯულებას აი ეს კონკრეტული დავალებაო, ზუსტად ეს არის ორმაგი სტანდარტი, რამაც ასევე ვფიქრობ, რომ ხელი შეუშალა ამ შეთანხმებას , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“პოლიტიკური მართლმსაჯულება გახლავთ ის, როდესაც ოპოზიცია სთხოვს მმართველ პარტიას, რომ დავალება მისცეს მართლმსაჯულებას, ნიკა მელიას გათავისუფლებაზე მაგალითად – აი ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და როდესაც ერთი ხელით გთხოვენ, რომ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა არ იყოს და მეორე ხელით გთხოვენ, რომ დაავალე მართლმსაჯულებას აი ეს კონკრეტული დავალებაო, ზუსტად ეს არის ორმაგი სტანდარტი, რამაც ასევე ვფიქრობ, რომ ხელი შეუშალა ამ შეთანხმებას და ეს იყო ოპოზიციის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.
შეთანხმების საგანი შესაძლებელია გახდეს ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ის რეფორმები, რომლებიც დღეს ჩვენ განვიხილეთ და რაზეც პოზიციები პრაქტიკულად დაახლოებულია – ეს არის სასამართლოს რეფორმა, საარჩევნო რეფორმა და ეს არის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც ჩვენ ვიმსჯელეთ და რომელიც არის არამხოლოდ რომელიმე პარტიის ინტერესებში, არამედ ყველას ინტერესებში.
ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი არის რაც სჭირდება საზოგადოებას და ქვეყანას, ოპოზიციაც იგივეს აცხადებს და თუ ისინი ამას გულწრფელად ამბობენ, მაშინ მოდით რაც ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება იმაზე დავაფუძნოთ ჩვენი შეთანხმება”, – განაცხადა თალაკვაძემ.