სვენ მიკსერი: ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ ოპოზიციაში მყოფებმაც უნდა შეწყვიტონ პროვოკაციები – საჭიროა წინ გახედვა და გამოსავლის მოძებნა
ევროპარლამენტის წევრის, სვენ მიქსერის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე და სხვა საკითხებზე იმსჯელეს, თუმცა შეხვედრის დიდი ნაწილი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას დაეთმო.
მისივე თქმით, ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ ოპოზიციაში მყოფებმაც უნდა შეწყვიტონ პროვოკაციები.
„ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე ძალიან ღია მსჯელობა გვქონდა, რადგან არის რამდენიმე საკითხი, რომელსაც მე ვხედავ, როგორც საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი. ჩვენ ასევე შევეხეთ გუშინდელ შეხვედრებს. თუმცა რასაკვირველია, შეხვედრის დიდი ნაწილი დავუთმეთ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბარს, რა უნდა იყოს ჩიხიდან გამოსავალი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც ასეთ მაღალ ნიშნულზეა, აფერხებს პოლიტიკურ საპარლამენტო პროცესს და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ქართველი ხალხის არჩევანს. რთული ვითარებაა და მე გამიჭირდება დიაგნოზი, რატომ ვართ ამ ვითარებაში. საჭიროა წინ გახედვა და გამოსავლის მოძებნა. 8 მარტის შეთანხმება იყო მნიშვნელოვანი მიღწევა, საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებით, იყო თავისუფალი და ღია. იყო დარღვევები, საკითხები, რომელსაც სჭირდება გამოსწორება, საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, გადაწყვეტილებები დამოკიდებულია პოლიტიკურ სცენაზე მყოფ მოთამაშეებზე და მათზე, ვინც უნდა იპოვოს გამოსავალი. ამიტომ საჭიროა, ყველა მოიქცეს კონსტრუქციულად, ყველა პარტია – მმართველი პარტია, ოპოზიცია მზად უნდა იყოს, გადადგას ნაბიჯი უკან კომპრომისის მისაღწევად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ქვეყნის საშინაო რეფორმებზე, არამედ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე. ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ ოპოზიციაში მყოფებმაც უნდა შეწყვიტონ პროვოკაციები. ყველამ უნდა გააანალიზოს სიტუაციის სიმძიმე. ის ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბატონი მიშელი მედიაციას უწევს პროცესს, მისი პირადი წარმომადგენელი, გამოცდილი დიპლომატი ჩართულია ამაში, ეს არის დემონსტრირება, როგორ მაღალ დონეზე ცდილობს ევროკავშირი გამოსავლის მოძებნას ამ დიდ კონფლიქტში. ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც მუდმივად ღია ვერ იქნება. ასე რომ ვფიქრობ, საქართველოში მოთამაშეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ თუ ამ შესაძლებლობას ვერ გამოიყენებენ, მათ მოუხდებათ ლოდინი, რომ შემდეგი ფანჯარა გაიღოს“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.