შამბა: ენგურის ხიდზე 50-ის ნაცვლად, მხოლოდ 5 კილოგრამი საქონლის გადაზიდვის უფლება უნდა დაწესდეს, დანარჩენ საქონელზე კი გადასახადი გავრცელდეს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა ამბობს, რომ ბოლო დროს მის სიტყვებს ამახინჯებენ, თითქოს, “საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობის დამყარების მომხრეა”.
ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიას ინტერვიუში განუცხადა.
შამბა თვლის, რომ ენგურის ხიდზე მოსახლეობას მხოლოდ 5 კილოგრამის საქონლის გადატანის უფლება უნდა მიეცეს, ამჟამინდელი 50 კილოგრამის ნაცვლად, როგორც ეს ე.წ. რუსეთთან საზღვარზე ხდება, დანარჩენი საქონელი კი გალში არსებულმა ე.წ. საბაჟო სამმართველომ დაბეგროს, ტარიფები კი ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა დააწესოს.
“არ შეგვიძლია საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობის დალაგება იმიტომ, რომ თავად თბილისი ამაზე არ წავა. თუ სავაჭრო ურთიერთობას დავაკანონებთ, სახელმწიფოთაშორისი დოკუმენტის ხელმოწერა მოგვიწევს. საქართველო კი ჩვენთან ასეთი დოკუმენტის ხელმოწერას არ აპირებს. ვხედავთ, რომ 10 წელზე მეტია, ჟენევაში ვცდილობთ ძალის გაუმოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერას, რადგან ისინი ამას სახელმწიფოთაშორის დოკუმენტად განიხილავენ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ 1997 წელს, როდესაც ვლადისლავ გრიგორიევიჩთან ერთად თბილისში ჩავედით, მაშინ არძინბასა და შევარდნაძეს შორის ხელი მოეწერა ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს, ძალის გამოყენების საფრთხეზეც კი, თუმცა, ამის მერე 1998 წლის მოვლენები განვითარდა. ჟენევაში ჩვენმა დელეგაციამ დააყენა საკითხი, რომ მოეწეროს ამას ხელი, მაგრამ თავს არიდებენ.
ვსაუბრობ არა სავაჭრო ურთიერთობის დალაგებაზე, არამედ – იმაზე, რომ აფხაზეთში შემოსული საქონელი დაიბეგროს, თანხა ბიუჯეტში შევა.
ზოგიერთი ამბობს, ხომ არ გავაუქმოთ ეს პრაქტიკა საერთოდ. რთულია იმის აკრძალვა, რაც ასეთ მოგებას გაძლევს. პირველ ყოვლისა, არ ვარ წინააღმდეგი, რომ ჩვენმა ხალხმა ასეთ რთულ დროს რაღაც მოგება ნახოს, მაგრამ გადასახადები უნდა გადაიხადონ. საქართველოსთან ვაჭრობა გვაქვს აკრძალული, რაც სერგეი ვასილიევიჩ ბაღაფშის მიერ არის ხელმოწერილი, მაგრამ დოკუმენტში არის ერთგვარი ხვრელი, რომლის მიხედვით, პირადი გადაზიდვის სახით 50 კილოგრამის გადატანაა შესაძლებელი. ეს 50 კილოგრამი მერე 70-100 კილოგრამამდე იზრდება. რუსეთის საზღვრიდან მხოლოდ 5 კილოგრამის გადატანაა შესაძლებელი. ვფიქრობ, რომ ეს 50 კილოგრამი უნდა ავკრძალოთ. ის საქონელი კი, რომელიც კონტრაბანდის გზით შემოდის, გალის რაიონში არსებულმა საბაჟო სამმართველომ ამოიღოს. მინისტრთა კაბინეტმა დააწესოს ამ ტვირთზე ტარიფი და გადაახდევინონ. ამაზეა საუბარი. ვფიქრობ, ამის რეალიზება შესაძლებელია”, – ამბობს შამბა.