“ბრიუსელში პრემიერის ვიზიტი ხელს შეუწყობს ნატო-სა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას” – ნატალი საბანაძე

“ბრიუსელში საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი, რომლის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ევროკავშირის, ევროპარლამენტისა და ნატო-ს ხელმძღვანელებს შეხვდება, ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და სამომავლო გეგმების დასახვას”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა – ნატალი საბანაძემ განაცხადა.

საბანაძის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში, სადაც ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობათა დინამიკა შეფასდება.

„ასოცირების საბჭო ცალკე ფორმატია, რომელიც დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და მისი მთავარი მიზანია, ისაუბროს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე”, – აღნიშნა საქართველოს ელჩმა ვიზიტის კომენტირებისას.

 საბანაძემ განსაკუთრებული ყურადღება ბელგიის პრემიერმინისტრთან დაგეგმილი შეხვედრის მნიშვნელობაზეც გაამახვილა.

„ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია რადგან დიდი ხანია, არ გვქონია უმაღლესი დონის შეხვედრა ბელგიის მთავრობის წარმომადგენელთან”, – დასძინა მან.

ელჩის თქმით, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში ხელს შეუწყობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები