ლევან იოსელიანი: მიმაჩნია, რომ ოპოზიცია პლებისციტს წააგებს
“მიმაჩნია, რომ ოპოზიცია პლებისციტს წააგებს”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრამდე განაცხადა.
მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის საქართველოში კიდევ ერთი დღით დარჩენა იმაზე მიუთითებს, რომ არსებობს საკითხები, რომლებზეც პოზიციები დაახლოებულია.
„წუხელ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ დღეს დილით გაიმართებოდა შეხვედრა. მოვედი და ვიმედოვნებ, რომ საბოლოდ შეთანხმებით დასრულდება. დანიელსონის დარჩენა იმაზე მიუთითებს, რომ არსებობს საკითხები, რომლებზეც პოზიციები დაახლოებულია.
პლებისციტი არ მგონია კარგი იდეა, მაგრამ თუ ოპოზიცია დაუჭერს მხარს, მათი გადასაწყვეტია. მიმაჩნია, რომ ეს ოპოზიციისთვის ცუდი გამოსავალია, რადგან პლებისციტს წააგებს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კიდევ ერთი დღით დარჩა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დილიდან განაგრძობს. ამჯერად, ის ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება.