სალომე სამადაშვილი: კრისტიან დანიელსონთან შეხვედრა იყო პროდუქტიული, მაგრამ კიდევ დაგვჭირდება საუბრის გაგრძელება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრა პროდუქტიული იყო.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სამადაშვილმა განაცხადა, საუბრის გაგრძელება კვლავ საჭიროა.
„დღევანდელი შეხვედრა იყო პროდუქტიული, მაგრამ ცხადია, ჩვენ კიდევ დაგვჭირდება საუბრის გაგრძელება. მოდერატორზეა დამოკიდებულია, როგორ გავაგრძელებთ საუბარს. საქართველოს დემოკრატიულ ოპოზიციას გვსურს, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდეს იმ შედეგით, რა მოლოდინიც აქვს ჩვენს ხალხს და რაც სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და მის სტაბილურ განვითარებას. ეს მოითხოვს კომპრომისებს. იმედია, ეს ყველას ესმის, პირველ რიგში – ხელისუფლებას, რადგან მათ ეკისრებათ მთავარი პასუხისმგებლობა ამ პროცესში. პროგნოზების გაკეთება ჯერ ადრეა. შემიძლია კიდევ ერთხელ დავუდასტურო ქართველ ხალხს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა და საქართველოს თითოეული მოქალაქის მომავალი გამოიყურებოდეს უკეთესად“, – განაცხადა სამადაშვილმა.