“დღეს კიდევ გაიმართება შეხვედრები და დღის ბოლომდე ვფიქრობ, გამოიკვეთება შესაძლებლობა, რომ ჩვენ შევთანხმდეთ და პოლიტიკურ თანხმობას მივაღწიოთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
თალაკვაძე ფიქრობს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის სამართლიანი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია.
„მსურს, გითხრათ, რომ ძალიან მშვიდი და საქმიანი საუბარი იყო დღეს და ეს არის პრივილეგია, ნამდვილად საქართველოსთვის, რომ ევროკავშირის მხრიდან ასეთი მაღალი და კომპეტენტური წარმომადგენლობა არის ამ დიალოგში. ვფიქრობ, რომ სამართლიანი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია და თუ ოპოზიციაც ამ რეალური გადმოსახედიდან შეაფასებს შეთანხმების შესაძლებლობას, იმედი მაქვს, რომ შევძლებთ შეთანხმებას. დღეს კიდევ გაიმართება შეხვედრები და დღის ბოლომდე ვფიქრობ, გამოიკვეთება შესაძლებლობა, რომ ჩვენ შევთანხმდეთ და პოლიტიკურ თანხმობას მივაღწიოთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი.