პრემიერმინისტრმა უნგრული მხარისგან მიწვევა მიიღო

“ვისაუბრეთ საქართველოსა და უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის ყველა ძირითად მიმართულებაზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე”, – ამის შესახებ, ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პრემიერმინისტრისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
დავით ზალკალიანის თქმით, უნგრეთს აქვს ახალი ინიციატივები, კერძოდ, საკრედიტო ხაზის გამოყოფასთან დაკავშირებით, ბიზნესის განვითარების კუთხით.
„ისინი ასევე ჩართულნი არიან რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტში. აინტერესებთ საქართველო, როგორც სამხრეთ კასპიური გაზის კორიდორის მნიშვნელოვანი გამტარი ქვეყანა და უნგრეთი, როგორც დაინტერესებული მხარე, ბუნებრივია, ამ პროცესში, ძალიან დიდ ინტერესს გამოხატავს. ვისაუბრეთ პანდემიასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე. უნგრეთის მხრიდან, სოლიდარობა და მხარდაჭერა პანდემიის დროს იყო განსაკუთრებული და პრემიერმინისტრმა დიდი მადლობა გადაუხადა უნგრეთს ამ მხარდაჭერისთვის და მომავალშიც, ეს თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძელდება”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ვიცეპრემიერის შეფასებით, რეგიონში არსებული სიტუაცია, უსაფრთხოება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და ის ახალი გეოპოლიტიკური სურათი, რომელიც არის შექმნილი, მოითხოვს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან მუდმივ მხარდაჭერას და საქმიანობის კოორდინაციას.
„უნგრეთი, მაისში ხდება ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. მოგეხსენებათ, საქართველო უკვე იყო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და ჩვენი გამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობა მათი თავმჯდომარეობის დროს ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება. რა თქმა უნდა, საუბარი ასევე შეეხო მომავალში დაგეგმილ მაღალი დონის ვიზიტებსაც. პრემიერმინისტრმა მიიღო მიწვევა უნგრული მხარისგან, რომ ეწვიოს უნგრეთს მისთვის ხელსაყრელ დროს და, ბუნებრივია, ეს თანამშრომლობა მაღალ დონეზე გაგრძელდება”, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები