ლევან იოსელიანი: ჟურნალისტს ვერანაირი სასამართლო გადაწყვეტილება ვერ აიძულებს, რომ წყარო დაასახელოს
“ჟურნალისტს ვერანაირი სასამართლო გადაწყვეტილება ვერ აიძულებს, რომ წყარო დაასახელოს”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
იოსელიანის თქმით, გამოძიება დაიწყეს იმაზე, რაც საქართველოში ყველაზე მაღალი სტანდარტით არის დაცული – გამოხატვის თავისუფლება.
„სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო არა ჩანაწერების შინაარსზე, არამედ მის მოპოვებაზე. ეს მიუთითებს, რომ შინაარსზე გამოძიების დაწყების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. სწორედ ამიტომ, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრე ვართ, რადგან სხვა რესურსს ვერ ვხედავთ, რომ ის ადამიანები დაიკითხონ, ვინც ჩანაწერებში ფიგურირებენ. პროკურატურა მათ არ დაკითხავს, რადგან ამაზე გამოძიება არ დაწყებულა. რეალურად არ უნდათ, გამოძიონ ის, რაც არსებითია ჩანაწერებში, მაგრამ გამოძიება დაიწყეს იმაზე, რაც საქართველოში ყველაზე მაღალი სტანდარტით არის დაცული – გამოხატვის თავისუფლება.
ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც ჟურნალისტებს აძლევს საშუალებას, არ გაახმაურონ წყარო, საიდანაც ინფორმაცია მიიღეს. ჟურნალისტს ვერანაირი სასამართლო გადაწყვეტილება ვერ აიძულებს, რომ წყარო დაასახელოს, რადგან ეს დაცულია კანონით. მიმაჩნია, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად არასწორ ნაბიჯებს დგამს, როცა სამიზნედ ამოიღო მედიასაშუალება და არა ის შინაარსი, რომელიც ამ ჩანაწერებშია გახმოვანებული“, – განაცხადა იოსელიანმა.
სასამართლოს განჩინების მიხედვით, პროკურატურას ტელეკომპანია ,,პირველში” საგამოძიებო სამუშაოების ჩატარების უფლება მიეცა.