პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი და ნდობის ჯგუფი თავდაცვის ძალების ვაზიანში განთავსებულ დანაყოფებს ეწვია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები ვაზიანში განთავსებულ საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC), მე-5 საარტილერიო და მე-4 მექანიზებულ ბრიგადებს სტუმრობდნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიგადებსა და საბრძოლო მომზადების ცენტრში დეპუტატებისთვის სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. მათ მიიღეს დეტალური ინფორმაცია დანაყოფების სტრუქტურისა და ამოცანების შესახებ, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ბრიგადების შტაბები, ძირითადი ტექნიკა და შეიარაღება, ეკიპირება, მათ შორის უნიფორმები და ფეხსაცმელები. კანონმდებლები იმყოფებოდნენ ყაზარმებში, გაეცნენ სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ, ასევე კვებით პირობებს და მათთან ერთად ისადილეს. მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში დეპუტატებმა გვირგვინით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის/ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას თქმით, კომიტეტი ინტენსიურად ეცნობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი უწყებების საქმიანობას.

„ერთ-ერთი ასეთი ვიზიტი შედგა დღეს ვაზიანში, სადაც გვქონდა შესაძლებლობა, ადგილზე გავცნობოდით და შეგვეფასებინა თავდაცვის უწყებაში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, გადადგმული ნაბიჯები და მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტები, რაც უკავშირდება თავდაცვის ძალების საბრძოლო მზდყოფნის ამაღლებას, შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციას, სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებას, სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო მომზადებას, მათ ეკიპირებას, საცხოვრებელ პირობებსა და კვებას. ეს ვიზიტი არის თავდაცვის უწყებასა და პარლამენტს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ბრწყინვალე მაგალითი, უწყების გახსნილობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის გამოვლინება. ვიზიტი ასევე მიუთითებს ჩვენს დღის წესრიგში თავდაცვის საკითხების განსაკუთრებულ პრიორიტეტულობაზე. ნამდვილად შთამბეჭდავია ის, რაც თავდაცვის ძალებში ხორციელდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლების თვალსაზრისით. დღეს ჩვენს ჯარს აქვს თანამედროვე შეიარაღება, საუკეთესო საბრძოლო მომზადება, მაღალი ხარისხის უნიფორმა და ეკიპირება, შესანიშნავი კვება, სამსახურისა და ცხოვრების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის ღირსეული პირობები. გულდასაწყვეტია, როდესაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები და ზოგიერთი მედიასაშუალება, ამ საკითხებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებითა და ფაქტების დამახინჯებით მიზანმიმართულად ეწევიან თავდაცვის ძალების დისკრედიტაციასა და თავდაცვასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზებას. აუცილებელია ყველა, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, პასუხისმგებლობით, სახელმწიფოებრივად მოეკიდოს მსგავს საკითხებს, დააფასოს ჩვენი ჯარისკაცების ღვაწლი და სამსახური. საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, აუცილებელია თავდაცვის დაფინანსების გაზრდა, თავდაცვაში კიდევ უფრო მეტი რესურსების მიმართვა. ჩვენ, კანონმდებლები ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიმართულებით ეფექტიანი ნაბიჯების გადასადგმელად“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები