მირიან ნიკოლაძე – მსჯავრდებულების ადვოკატებს: უნდა იცოდე, სტრასბურგში რას ასაჩივრებ, ბლეფია იმაზე საუბარი, რომ მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო
“უნდა იცოდე, სტრასბურგში რას ასაჩივრებ”, – ასე გამოეხმაურა გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ოჯახის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მსჯავრდებულების ადვოკატების შეფასებებს.
ნიკოლაძის თქმით, სრული ზღაპარი და ბლეფია იმაზე საუბარი, რომ მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.
„უნდა იცოდე, სტრასბურგში რას ასაჩივრებ და ზოგადი წარმოდგენა არ უნდა გქონდეს, რომ ასეთ საქმეს სტრასბურგში გაასაჩივრებ. სტრასბურგი მტყუან-მართალს არ იხილავს, ის განიხილავს ადამიანის უფლებათა კონვენციით განსაზღვრული უფლებების დარღვევას.
სამართლებრივად, ასეთ საქმეებს სტრასბურგი საერთოდ არ იღებს წარმოებაში. სრული ზღაპარი და ბლეფია იმაზე საუბარი, რომ მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. სტრასბურგი არაა ჩვენი სასამართლოს მეოთხე ინსტანცია. ეს ჩემი ციტატა არაა, ამ სასამართლოს გადაწყვეტილებებშიც ასეა მითითებული“, – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს 3 პირს: არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება.