გიორგი შაქარაშვილის ბიძა: განაჩენი ობიექტურია – თუ ვინმეს სისხლის სამართალი ესმის, ყველა დამერწმუნება იმაში, რომ მტკიცებულებები იყო საკმარისზე მეტი იმისათვის, რომ ეს განაჩენი დამდგარიყო

“ჩვენ, ყველა ვუყურებდით 9-თვიან სპექტაკლს, რომელსაც ატარებდნენ ბრალდებულები თავის ოჯახებთან ერთად – განაჩენი არის ობიექტური”, – ასე გამოეხმაურა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ოჯახის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, საქმეში მტკიცებულებები საკმარისზე მეტი იყო, რომ ეს განაჩენი დამდგარიყო.

“რა თქმა უნდა, განაჩენი არის ობიექტური. ეს იყო ზუსტი და იდენტური ასახვა ჩადენილი დანაშაულისა დამნაშავე პიროვნებების, მათ დამოკიდებულებისა მომხდარ ფაქტთან. საბოლოოდ ეს აისახა სწორ სასჯელში. ჩვენ, ყველა ვუყურებდით 9-თვიან სპექტაკლს, რომელსაც ატარებდნენ ბრალდებულები თავის ოჯახებთან ერთად. მე არ ვიცი, ოჯახებმა რამდენად იციან მათგან სიმართლე, მაგრამ ეს არც არის საინტერესო ჩვენი ოჯახისთვის, ეს მათი საქმეა. ეს 9-თვიანი შოუ დასრულდა, როცა მათ უნდოდათ საზოგადოების ინფორმირებულობა იმით, რომ ისინი იყვნენ უდანაშაულოები. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, არცერთი პირი ტყუილად არ ყოფილა სისხლის სამართლის საქმეში მიცემული. თუ ვინმეს სისხლის სამართალი ესმის, ყველა დამერწმუნება იმაში, რომ მტკიცებულებები იყო საკმარისზე მეტი იმისათვის, რომ ეს განაჩენი დამდგარიყო. იგივე ჩემი კოლეგების პოზიცია, რომლებსაც არასოდეს არ შევხებივარ და ვთვლიდი, რომ მიუხედავად ჩემი ამპლუისა მოცემულ საქმეში, მაინც ვიცავდი ადვოკატურ ეთიკას მათ მიერ გაჟღერებული საზოგადოებრივი ფორმის კუთხით. ეს ქმედება განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ სხვის დასარწმუნებლად, რომ ისინი იყვნენ უდანაშაულოები. ყველამ კარგად იცოდა, რომ ისინი დამნაშავეები იყვნენ და ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს განაჩენი დადგებოდა იმიტომ, რომ სხვა რაიმე ვერ მოხდებოდა სამართლებრივად და, შესაბამისად, მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ” , – განაცხადა ნიკოლაძემ.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს 3 პირს: არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები