გიორგი ვოლსკი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ მარეკ შჩიგელს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს გამყოფ ხაზთან არსებული სიტუაცია უსაფრთხოების თვალსაზრისით.
გიორგი ვოლსკიმ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ასევე გააცნო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის საქმიანობის გეგმები.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს და უსაფრთხოების თემების გარდა დროა, რომ დავიწყოთ ლაპარაკი შესაძლო ეკონომიკური პროექტების რეალიზაციაზე. აქვე აღინიშნა ისიც, რომ ამ პოზიტიურ განვითარებას საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს უქმნის თვითონ საოკუპაციო რეჟიმი. თუმცა, ხალხთა შორის ურთიერთობა, მიუხედავად ამ განვლილი რთული პერიოდისა და ომებისა, იძლევა მაინც იმის საფუძველს, ვიფიქროთ, რომ მომავალში საზოგადოებები საერთო ენას გამოძებნიან”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები