აშშ-ის საელჩო – მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, კეთილსინდისიერად ჩაერთონ რეფორმების პროცესში, რათა პარლამენტი გაძლიერდეს და მომავალი არჩევნები უფრო თავისუფალი და სამართლიანი იყოს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სელჩო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ანგარიში ხაზს უსვამს მნიშვნელოვანი რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას კამპანიის დაფინანსების, შემადგენლობისა და დავების გადაწყვეტის თვალსაზრისით.

საელჩო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, კეთილსინდისიერად ჩაერთონ რეფორმების პროცესში, რათა პარლამენტი გაძლიერდეს და მომავალი არჩევნები უფრო თავისუფალი და სამართლიანი იყოს.

„შეერთებული შტატები მიესალმება ეუთო/ოდირის არჩევნების მცირემასშტაბიანი სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას. ანგარიში ხაზს უსვამს მნიშვნელოვანი რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას, კერძოდ კამპანიის დაფინანსების, საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობისა და დავების გადაწყვეტის თვალსაზრისით. შეერთებული შტატები იზიარებს ამ შეშფოთებას და მოუწოდებს პარლამენტს, გააგრძელოს რეფორმაზე ფართო და ინკლუზიური მსჯელობის პროცესი, რომელიც დააკმაყოფილებს ოდირის მრავალწლიან რეკომენდაციებს. ეს მნიშვნელოვანი რეფორმები გააძლიერებს პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიას, დაეხმარება საქართველოს, მიაღწიოს მზარდი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს. სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას, მათ შორის ამჟამად პარლამენტს გარეთ მყოფ ოპოზიციურ პარტიებს, მნიშვნელოვანი ხედვა აქვთ, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, კეთილსინდისიერად ჩაერთონ რეფორმების პროცესში, რათა პარლამენტი გაძლიერდეს და მომავალი არჩევნები იყოს უფრო თავისუფალი და სამართლიანი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში 5 მარტს გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები