გიორგი ვაშაძე – სააკაშვილზე: სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ, ჩვენთვის მთავარია, გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“
“სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ, ჩვენთვის მთავარია, გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც პლებისციტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
ვაშაძის თქმით, ძალთა გაერთიანება მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებაში პასუხისმგებლიანი ხალხი მოვიდეს.
„სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ. არაერთხელ მითქვამს, რომ ძალთა გაერთიანება მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლიანი ხალხი მოვიყვანო ხელისუფლებაში. ამისთვის ბევრი უნდა ვიშრომოთ. ცალკეული განცხადებები ჩემთვის არაფერს არ შეუშლის ხელს, ჩვენთვის მთავარია, გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“. ცალკეული განცხადებები ნაკლებად მაინტერესებს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდება“, – განაცხადა ვაშაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე.